მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ავიღოთ ტყე იჯარით - სამინისტრო კითხვებს პასუხობს

61faa1132c642
BM.GE
02.02.22 23:00
2288
BMG-იმ ეროვნული სატყეო სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ტყის ნაკვეთი არის ქვეყანაში იჯარით გაცემული. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ 2019; 2020 და 2021 წლებში ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემისთვის სულ 14 ხელშეკრულება გაფორმდა, რაც წელიწადში საშუალოდ 4-5 იჯარას ნიშნავს.

რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ტყის ნაკვეთის იჯარით აღებაზე განაცხადის დაწერა.

უწყების ინფორმაციით, ტყის იჯარით გაცემა აუქციონის გზით ხდება და 2019-2021 წლებში ამისთვის სულ 26 აუქციონი გამოცხადდა, ამ 26 აუქციონიდან კი 14 იყო შედეგიანი და შესაბამისად, საიჯარო ხელშეკრულებაც გაფორმდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემებით, ამ იჯარებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები ყოველწლიური შემოსავალი 45,564 ლარს შეადგენს.

კითხვაზე თუ რა ჯდება ტყის იჯარით აღება, ეროვნული სატყეო სააგენტო განმარტავს, რომ სარეკრეაციო დანიშნულებით გაცემის დროს, ერთი კვადრატული მეტრის წლიური სააუქციონო ფასი, ანუ საწყისი ფასი არის 1 ლარი კვადრატულ მეტრზე.

როგორ ავიღოთ ტყე იჯარით - ეროვნული სატყეო სააგენტოს პასუხები:

“ტყითსარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს: ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის (სარგებლობის სახის) შესახებ ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის შემთხვევისა) და ტყითსრგებლობაში მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილით.
საკურორტო-რეკრეაციული დანიშნულებით, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული ღია აუქციონით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ფარგლებში, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 49 წელს (ტყით მოკლვეადიანი სპეციალური სარგებლობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლამდე ვადით), 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დებულებით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის სახის გათვალისწინებით/ შესაბამისად,”- ნათქვამია უწყების მიერ bm.ge-ისთვის გაგზავნილ პასუხებში.

კითხვაზე შეუძლია თუ არა ტყის ნაკვეთის იჯარით ამღებს სხვა პირებს აუკრძალოს ამ ტერიტორიაზე შესვლა, ეროვნული სატყეო სააგენტო ასეთ განმარტებას აკეთებს:

"საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“-ს შესაბამისად ყველას აქვს უფლება, დასვენებისა და გართობის მიზნით იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში. ტყის მესაკუთრის ან ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, ტყეში შესვლა ან/და გადაადგილება შესაძლებელია შეიზღუდოს:

ა) ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირების პრევენციული ღონისძიებების ან ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის;
ბ) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების მიზნებისთვის და ვადით;
გ) ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად მიმდინარე სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
დ) ტყეში, სადაც არის მერქნიან სახეობათა დენდრარიუმი, ტყის სათესლე უბანი, სამონადირეო მეურნეობა, თევზის მეურნეობა, სანერგე, ხეტყისა და მექანიზმების საწყობი, შენობა-ნაგებობა, ხეტყის გადაზიდვის საშუალებების სამოქმედო ადგილი, გარდა სატყეო გზისა;
ე) ტყის აღდგენა-გაშენების ფართობზე, სადაც ნარგავების სიმაღლე არაუმეტეს 3 მ-ია;
ვ) ტყის მართვის გეგმით ან წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.
ზ) ტყეში სატრანსპორტო საშუალებით შესვლა ან/და გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სატყეო გზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტყითმოსარგებლის მიერ შეზღუდულია ტყეში სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლით,”- ნათქვამია უწყების პასუხში.

შეგახსენებთ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5,958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით სარგებლობის უფლება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით მოიპოვა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა და პრემიერის ოჯახი ბოლო სამ წელში ტყის რიგით მეთოთხმეტე მეიჯარე გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები