მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ჩაიარა ალასკის ისტორიულმა სამიტმა?

პუტინი-ტრამპი
BM. GE
16.08.25 07:36
884

ალასკის ისტორიული სამიტი, რომელსაც მსოფლიო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალ-ყურს, დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის უპირველესი მიზანიც რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება იყო, შედეგის გარეშე დამთავრდა. შესაბამისად, ჯერჯერობით ომი გრძელდება.

და მაინც, როგორ ჩაიარა ისტორიულმა სამიტმა?

შეხვედრას წინ აეროპორტში გამართული დახვედრა უძღოდა. ელმონდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე პირველი ამერიკის პრეზიდენტის, თვითმფრინავი დაჯდა. ნახევარ-საათიანი ლოდინის შემდეგ კი ჰაერში რუსეთის ლიდერის ხომალდიც გამოჩნდა. ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის ოფიციალური ნაწილი თბილისის დროით 23:08-ზე დაიწყო.

ბორტი პირველმა ამერიკის პრეზიდენტმა დატოვა და წითელ ხალიჩაზე მდგარი რუს კოლეგას შეეგება. მისკენ მიმავალ პუტინს ტრამპმა ტაში არაერთხელ დაუკრა და შეხვედრისას ხელიც ჩამოართვა. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ამერიკის საჰაერო ძალების სიამაყის, B-2 Spirit-ის სტრატეგიული ბომბდამშენის გამოჩენამ, რომელმაც ორი ქვეყნის ლიდერებს თავზე გადაუფრინა. აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ცაში გაოგნებული იყურებოდა, ტრამპი წარბშეუხრელად მოაბიჯებდა წითელ ხალიჩაზე.

აშკარაა, რომ B-2 Spirit-ისა და F-35-ების მონაწილეობით მოწყობილი მცირე საჰაერო შოუ ტრამპთან შეთანხმებული იყო და მიზნად ძალის დემონსტრირებას ისახავდა.

შემდეგ იყო სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე დადგომა და მედიის კითხვის საპასუხოდ პუტინის მიერ გამოხატული რეაქცია, რომელიც კამერებმა მალევე დააფიქსირა. შემაღლებულ პლატფორმაზე მდგარ პუტინს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შეწყვეტას, რასაც პუტინმა მხრების აჩეჩვით უპასუხა და ისეთი რეაქცია გამოხატა, თითქოს ვერაფერი გაიგო.

პოდიუმზე პოზიორობის შემდეგ ტრამპმა დაგეგმილი პროტოკოლი დაარღვია და რუსი კოლეგა არა თავისი ბრონირებული ლიმუზინისკენ გააცილა, არამედ საკუთარ "Beast"-ში მიიპატიჟა. პუტინმა მიწვევა უყოყმანოდ მიიღო და 10-წუთიანი მარშრუტი ამერიკის პრეზიდენტთან ერთად გაიარა. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს თარჯიმნები თან არ ახლდათ, შესაბამისად, რთულია იმის გარკვევა, მოახერხეს თუ არა მათ რამეზე სერიოზულად დალაპარაკება. კამერას არ გამორჩენია არც პუტინის მოცინარი სახე, რომელიც დასავლურ მედიაში პოლიტიკურ ჟესტად შეფასდა. ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად, ერთ ლიმუზინში იჯდა.

შემდეგ დაიწყო 10-წუთიანი მარშრუტი, რომელიც ავიაბაზაზევე სპეციალურად მოწყობილ სივრცესთან დასრულდა. პრეზიდენტებმა "ურჩხული" დატოვეს და მოლაპარაკების ოთახში გადაინაცვლეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, რომელიც 1-1-ზე ფორმატით უნდა გამართულიყო, თვითმფრინავების ბაზაზე დაფრენამდე შეიცვალა და 3-3-ზე შეხვედრად გადაკეთდა. ამერიკულ მხარეს დონალდ ტრამპის გარდა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი წარმოადგენდნენ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, მოლაპარაკებებს თავად ვლადიმირ პუტინი უძღვებოდა. მასთან ერთად იყვნენ ქვეყნის უცვლელი პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო საკითხებში, იური უშაკოვი.

მედიასთან გამართული საკმაოდ ხანმოკლე, 1-წუთიანი ბრიფინგის დასრულების შემდეგ ისტორიული სამიტის მთავარი ეტაპიც დაიწყო. დაიწყო და მალევე გაირკვა, რომ ის დროზე ადრე არ დასრულდებოდა. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტი დებდა პირობას, რომ თუ პუტინთან საუბრისას 2-3 წუთში ვერ იგრძნობდა თანამშრომლობის ინტერესს, ის შეხვედრას დატოვებდა.

საბოლოოდ, შეხვედრა, რომელიც 2-3 წუთს შეიძლება გაგრძელებულიყო, თითქმის 3 საათში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ არსებობდა მოლაპარაკებების 6-7 საათამდე გაგრძელების ვარაუდიც, რაც, მეტწილად, რუსული მედიის ცნობებს ემყარებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედია პრესკონფერენციისთვის განკუთვნილ დარბაზში იხმეს და გავრცელდა ინფორმაციაც, რომ განცხადებას ორივე ქვეყნის პრეზიდენტი გააკეთებდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა.

თბილისის დროით, ღამის 03:00 საათისთვის რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტები დარბაზში შევიდნენ და 3-საათიანი მოლოდინის შემდეგ, მსოფლიოს ჩატარებული ისტორიული შეხვედრის შესახებ უამბეს.

ტრამპისგან უსიტყვო თანხმობის მიღების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას პირველმა ვლადიმირ პუტინმა მიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ მძიმე ურთიერთობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო.

"როგორც იცით, რუსეთისა და ამერიკის ლიდერებს შორის შეხვედრა 4 წელია არ გამართულა. ეს ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გართულდა. ძალიან პირდაპირ რომ ვთქვა, რუსეთსა და ამერიკას შორის ვითარება ასე დაძაბული ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა. ვფიქრობ, ამით ჩვენც და მთელი მსოფლიოც ვზარალდებით" - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პუტინმა 3-საათიანი შეხვედრა ურთიერთპატივისცემაზე აგებულად და კონსტრუქციულად შეაფასა. პრეზიდენტს არ გაუმხელია მოლაპარაკების დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების რეალური გარანტიები სჭირდება.

"მე ვეთანხმები ბატონ ტრამპს, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების რეალური გარანტიების და მზად ვართ, ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშაოთ. ჩემი აზრით, ჩვენ შორის დადებული შეთანხმება ამაში ხელს შეგვიწყობს და უკრაინას მშვიდობის გზაზე დააყენებს" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მშვიდობის დამყარების შესაძლო გზებზე საუბრისას პუტინმა თავისი ინტერესები მკაფიოდ გამოხატა. მისი თქმით, თუ დასავლეთს უკრაინაში ომის დასრულება სურს, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი.

"ის, რაც უკრაინაში ხდება, ხდება იმიტომ, რომ ვგრძნობთ ჩვენი უსაფრთხოების დარღვევის ფუნდამენტურ საფრთხეებს. ომის გრძელვადიანად და საბოლოოდ დასრულებით ჩვენც ვართ დაინტერესებულნი, თუმცა თუ ეს თქვენც გსურთ, მაშინ უნდა ამოიძირკვოს ყველა ის მიზეზი, რაც აჩენს კონფლიქტს". - განაცხადა პუტინმა

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რას მიიჩნევს "ამოსაძირკვად", თუმცა თუ მის 2022 წლის მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, საუბარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სრულ გაყინვას და ქვეყნის დემილიტარიზაციას გულისხმობს.

რუსეთის პრეზიდენტმა მოვლენათა სხვაგვარად განვითარების ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მან, ფაქტობრივად, გაიმეორა ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები და განაცხადა, რომ 2022 წელს ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ის ომს არ დაიწყებდა. პუტინის თქმით, მან ბაიდენი შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა მას ყური არ უგდო.

მედიასთან საუბრის დასასრულს პუტინმა გაფრთხილებაც გააჟღერა, თუმცა არა ტრამპის, არამედ ევროპელი ლიდერებისა და ოფიციალური კიევის მიმართ. მან ამერიკის მოკავშირეებს მოუწოდა, გამოიჩინონ კონსტრუქციულობა და არ სცადონ მოლაპარაკებების ჩაშლა.

პუტინის შემდეგ სიტყვა ტრამპს გადაეცა. ამერიკის პრეზიდენტმა რუს კოლეგას და მის თანმხლებ პირებს პროდუქტიული დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. მართალია, კონკრეტულ შედეგზე არც მას უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობის დამყარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

"ჩვენ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ბევრ რამეზე შევთანხმდით კიდეც. არის რაღაც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ისევ სამუშაო გვაქვს, თუმცა ამ კუთხით შედეგის მიღწევის დიდი ალბათობაა". - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას შეთანხმდა პირობები, რომლებსაც ზელენსკი უნდა დათანხმდეს, თუ მშვიდობა სურს.

"უკრაინა უნდა დათანხმდეს სახელმწიფო მდივან რუბიოს, წარმომადგენელ ვიტკოფისა და ჩემი ადმინისტრაციის სხვა წევრების მიერ პუტინთან განხილულ შემოთავაზებას" - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ის მშვიდობის დამყარების შეთანხმებულ ხედვას NATO-ს ლიდერი ქვეყნების ხელმძღვანელებს და პრეზიდენტ ზელენსკის წარუდგენდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შეთავაზება დასავლელ პარტნიორებს ეცნობებათ, მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, იქნება თუ არა ის მათთვის მისაღები.

შეხვედრის მიწურულს ტრამპმა პუტინს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ ძალიან მალე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნება. მის სიტყვებს მალევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც მოლაპარაკებების ჩატარების შემდეგ ლოკაციად ტრამპს მოსკოვი შესთავაზა. ამერიკის პრეზიდენტს ინიციატივა არც უარუყვია და არც მიუღია. სავარაუდოდ, თუ შემდეგი შეხვედრა 3 მხარეს შორის უნდა შედგეს და ეს მესამე ზელენსკია, მაშინ სამიტის მოსკოვში ჩატარება ნაკლებად სავარაუდოა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა რამდენიმეწუთიანი პრესკონფერენცია ისე დაასრულეს, რომ არცერთი ჟურნალისტისთვის არ უპასუხიათ. კვლავ უცნობი რჩება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, თუ რის სანაცვლოდ ითხოვს რუსეთი ომის შეჩერებას და რა გარანტიები შეიძლება მიიღოს უკრაინამ, რათა მსოფლიომ ბუდაპეშტის მეორე მემორანდუმი არ იხილოს.

აი, ასე დასრულდა ისტორიული სამიტი, რომელსაც მსოფლიო მოუთმენლად ელოდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ დადეს, თუმცა განიხილეს პირობები, რა შემთხვევაში დასრულდება ომი სრულად. ახლა ბურთი დასავლეთის მოედანზეა, მსოფლიო კი მოუთმენლად ელის იმის გაგებას, თუ რას სთავაზობს პუტინი ცივილიზებულ სამყაროს და არის თუ არა მასზე დათანხმება რეალისტური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები