მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დასრულდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განსახილველად გამართული დიალოგი?

64650fc19950b
BM.GE
17.05.23 22:31
596
კულტურის კომიტეტში ქონებრივი უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგი გაიმართა. მასში ჩართული იყვნენ კულტურის კომიტეტის წევრები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, USAID-ის და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დიალოგის მიზანი ღია და ინკლუზიური დიალოგის გზით, შეთავაზებული პროექტის დახვეწა და ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვას და შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის განვითარებას საქართველოში.

კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით,2021 წელს კულტურის კომიტეტს მიმართა სხვადასხვა ავტორ-შემსრულებელმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის გადახედვის მოთხოვნით.

„საქმე ეხებოდა კოლექტიურ საფუძველზე ქონებრივი მართვის კუთხით არსებული პრობლემების სათანადო დარეგულირებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი საკითხების საპასუხოდ, კულტურის კომიტეტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. დღეს მეორედ გაიმართა საქპატენტის, USAID-სა და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP-ის) ერთობლივი საჯარო დიალოგი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და საკანონმდებლო დონეზე მათი დაძლევის გზების შესახებ“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

როგორც დიალოგის პროცესში ექსპერტების მხრიდან გამოიკვეთა, კოლექტიური მართვა გადამწყვეტ როლს ასრულებს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების დაცვაში; კოლექტიური მართვა ხელს უწყობს ასევე ნამუშევრების დაცვას და უზრუნველყოფს ავტორების მიერ სამართლიანი ეკონომიკური სარგებლის მიღებას, საკუთარი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის პრაქტიკამ გარკვეული ბუნდოვანება გამოიწვია უფლება მფლობელებსა და მოსარგებლეებს შორის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ, CLDP-თან და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან ერთად, მხარი დაუჭირა ქვეყანაში საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის პრაქტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევას, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობით საჯარო-კერძო დიალოგის აქტივობებს და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების აქტიურ ჩართულობას.

აღნიშნული ძალისხმევით მომზადდა ცვლილებების პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც დიალოგის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დაიხვეწება.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, კულტურის კომიტეტის შექმნის დღიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი იყო აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული მუშაობა.

„ამ სფეროში გამოწვევები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ყველა მხარე უკმაყოფილო იყო. სამუშაო ჯგუფისა და ექსპერტების მიერ ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საკომიტეტო მოსმენები დაიწყება”, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბაია კვიციანმა თქვა, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების მხარდასაჭერად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორადაა მიჩნეული ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიების შემოსავლების ზრდის პოტენციალის გათვალისწინებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები