მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დათვალეს და რის/ვის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა? - საქსტატის განმარტება

თოდრაძე

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, მცდარია მოსაზრება, თითქოს ქვეყანაში მოკლე ვადით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები არიან შესული მოსახლეობის რიცხოვნობაში. ამის შესახებ განმარტება მან Bm.ge-სთან გააკეთა.

ცნობისთვის, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 კაცი შეადგინა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად კი, მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 200 000-ითაა გაზრდილი.

გოგიტა თოდრაძის თქმით, ეს წარმოადგენს ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის რიცხოვნობას და შესაბამისად, მასში, ქვეყანაში მოკლე ვადით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ შედიან. ის განმარტავს, რომ აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავდნენ 12 თვეზე მეტხანს, თუმცა საქსტატმა საქართველოს მოსახლეობად ჩათვალა მხოლოდ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც აღწერის დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ 1 წლის და მეტი ხნის განმავლობაში.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განმარტა, რომ მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგია არ შეცვლილა და შარშანაც იმ კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს, როგორც - 2014 წელს.

"აღწერას დაექვემდებარა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც აღწერის დროს იმყოფებოდა ქვეყანაში. ასევე ქვეყანაში დროებით არმყოფი პირები, მაგრამ მოსახლეობის რიცხოვნობაში ჩართულია მხოლოდ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები. მაგალითად, თუ აღწერის პერიოდში ქვეყანაში შემთხვევით იმყოფებოდა საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რომელიც 12 თვეზე მეტი ხანია არის ემიგრაციაში სხვა ქვეყანაში, ის მიეკუთვნება საქართველოში დროებით მყოფი მოსახლეობის კატეგორიას და შესაბამისად, ამ 3 914 000-ში არ შედის. აღწერას დაექვემდებარა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გამოგვერკვია ეს ადამიანები ქვეყანაში მუდმივი მცხოვრებლები არიან, თუ მოკლევადიანი დროით იმყოფებოდნენ. შედეგად, მოსახლეობის რიცხოვნობაში შესულია უცხო ქვეყნის მხოლოდ და მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც 12 თვის და მეტი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში. ასე იყო წინა აღწერის დროსაც. მოსაზრება, რომ თითქოს ქვეყანაში მოკლე ვადით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები არიან შესული მოსახლეობის რიცხოვნობაში, არის აბსოლუტურად მცდარი. ეს გახლავთ საერთაშორისო მეთოდოლოგია და მიდგომა, რომლითაც ხელმძღვანელობს მთელი მსოფლიო", - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამ განაპირობა ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის 200 000-ით მატება, გოგიტა თოდრაძის თქმით, მიზეზები ცხადი აღწერის საბოლოო მონაცემებიდან გახდება, რომელიც ერთ წელიწადში გასაჯაროვდება. მათ შორის, დეტალურად გახდება ცნობილი, რომელი ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე მოხდა მოსახლეობის გაზრდა.

ამასთან, ის მიუთითებს, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციული მონაცემების წყაროები, რომლებიც აღწერისგან დამოუკიდებელია, ასევე ზრდაზე მიუთითებს, იქნება ეს პენსიონერების, მოსწავლეების, სტუდენტების [მათ შორის უცხოელი სტუდენტების] სტატისტიკა.

"რა არის ზრდის მიზეზი, ამას ზუსტად ვიტყვით ერთი წელიწადში, მას შემდეგ, რაც გვექნება დეტალური ინფორმაცია მოქალაქეობის, ასაკობრივი ჯგუფების და ქვეყნების მიხედვით. ჩვენ ახლა გამოვაქვეყნეთ მხოლოდ მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე ჯამური ინფორმაცია. გეტყვით კიდევ ერთ საინტერესო რაღაცას, მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვა, ეს მონაცემები რაზედაც ვსაუბრობთ, რომელიც აღწერათა შორის პერიოდში მოსახლეობის გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს, ეფუძნება სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს. მათ შორის მაგალითად საზღვრის კვეთის მონაცემებსაც, რაც წარმოადგენს წინასწარ მონაცემებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკა რომ იყოს ყოვლისმომცველი და აბსოლუტურად ზუსტი, მაშინ რა საჭირო იქნება აღწერის ჩატარება ქვეყნის მიერ და ამხელა რესურსის გაწევა, ხომ?! აღწერა არის მოსახლეობის და დემოგრაფიული სტატისტიკის უმთავრესი, ნომერ პირველი წყარო. ეს უკანასკნელი აღწერა კი გამოირჩეოდა მოცვის განსაკუთრებული ხარისხით იმიტომ, რომ პირველ რიგში, ის ჩატარდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში და მეორე, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ჩვენ გამოვიყენეთ საქართველოში არსებული პრაქტიკულად ყველა ადმინისტრაციული წყარო. მომავალშიც ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის რეგისტრი შეიქმნას და მეტწილად რეგისტრებზე დაფუძნებული აღწერები უნდა ჩავატაროთ ჩვენც მომავალში, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნები აკეთებენ ამას.

მოდით, გადავხედოთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს, რომელიც დამოუკიდებელია აბსოლუტურად აღწერისგან, ჩვენგან. 2014 წელს ქვეყანაში იყო 700 000-მდე პენსიონერი, ახლა არის დაახლოებით 860 000-მდე, ანუ პენსიონერთა რაოდენობა გაზრდილია, დაახლოებით, 160 000 კაცით. მოსწავლეთა რაოდენობა გაზრდილია 87 000 კაცით. რამდენადაც მახსოვს 550 000 მოსწავლე იყო 2014 წელს, ახლა გვყავს, დაახლოებით, 640-641 000 მოსწავლე. სტუდენტთა რაოდენობა გაზრდილია ასევე, დაახლოებით, 60 000-ით, ანუ 125 000 სტუდენტი იყო 2014 წელს, ხოლო განათლების სამინისტროს ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 185 თუ 190 000 სტუდენტი. მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები 6 000-მდე იყო 2014 წელს და დღეს უკვე მათი რაოდენობა დაახლოებით 37 000-ს აღემატება. ამ აბსოლუტურად დამოუკიდებელ წყაროებსაც კი ზრდის ტენდენცია აქვს და საკმაოდ მაღალია ზრდის მაჩვენებელია", - ამბობს გოგიტა თოდრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები