მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეჭიროს ბიზნესს ხელი ცვალებადი სანქციების პულსზე უფრო ეფექტურად? –ევროკავშირი–ბიზნესსაბჭოს და ‘ანალიტიკა’–ს ერთობლივი რეკომენდაცია

649c5e63305b9
ელენე კვანჭილაშვილი
28.06.23 20:50
625
„ჩვენ ახლა საქმე გვაქვს სანქციების უპრეცედენტო ტალღასთან, რომელიც გრძელდება და გაგრძელდება ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში,“ – ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა დირექტორმა ზვიად ჭუმბურიძემ სანქციების მე–11 პაკეტის მასშტაბი და საქართველოს ხელისუფლებისა და ბიზნესის როლი ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში შეაფასა.

ზვიად ჭუმბურიძის თქმით, იცვლება მოთხოვნები, სანქცირებული პროდუქციის ნუსხა და ეს საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მუდმივ გაცვლას. ‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – ვინ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია ბიზნესს – ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ინიციატივა სანქციების დამწესებლებისგან უნდა წამოსულიყო და საქართველოს ბიზნესასოციაციები უფრო მეტად ჩართულები უნდა ყოფილიყვნენ კონსულტაციებში.

„იმედს ვიტოვებ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო სპეციალურ კონტაქტზე არიან საერთაშორისო სანქციების დამწესებელთა სამუშაო ჯგუფთან და რეალურ დროში იღებენ იმ რეგულაციებს, მითითებებს და რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია იმისთვის, რომ რაიმე მძიმე ტიპის გაუგებრობა არ მოხდეს“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე და ხაზს უსვამს, რომ სანქციების ოფისების ხელმძღვანელების ჩართულობა და საქართველოში პირადად ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროკავშირმა სანქციების მე–11 პაკეტი დაამტკიცა. საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი იმყოფება. დევიდ ო'სალივანის ამ ვიზიტში ასევე მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

საქართველოში ევროკავშირის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. ვიზიტის ფარგლებში, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერმინისტრს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, გენერალურ პროკურორსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს სანქციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა არ ჰქონია, რაც ზვიად ჭუმბურიძემ იმით ახსნა, რომ „ზოგადად, შედარებით მსხვილ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრა არ გამართულა“ – თუმცა, მასაც და ‘ანალიტიკა’–საც შეხვედრაზე მყოფმა ბიზნესმა დაუდასტურა, რომ სანქციების ოფისების ხელმძღვანელებმა ყურადღება გაამახვილეს მოცემულობაზე, რომელსაც ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი განიხილავენ – ომი უკრაინაში მალეც რომ დასრულდეს, რუსეთზე დაკისრებული სანქციების მოქმედება მეტი ხნით შენარჩუნდება.

გადაცემის ბოლოს, ‘ანალიტიკა’–ს ავტორმა და წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ‘ანალიტიკა’–ს და ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ერთობლივ რეკომენდაციას, რომ ბიზნესასოციაციები მეტად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესში, სადაც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც იქნებიან წარმოდგენილნი იმისთვის, რომ ბიზნესს ცვალებადი სანქციების პულსზე მუდმივად ედოს ხელი. „ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, თუ ეს საჭირო იქნება“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები