პლანეტის გაციფრულებასთან ერთად, მეტად აქტუალური ხდება ტრადიციული პროცესების ონლაინსივრცეში გადატანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი, ტრადიციულად, ხელით ან ტელეფონით აკეთებდა, ახლა ინტერნეტისა და სმარტფონის მეშვეობით კეთდება. ამ ტენდენციას კერძო სექტორის განვითარების ყველა ეტაპზე ვხვდებით და საინტერესოა, რომ ამ მხრივ მთავარ როლს ის კომპანიები ასრულებენ, რომლებიც, თავის დროზე, გადახდების გაციფრულების წინა ხაზზე იდგნენ.
ამერიკული VISA ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელსაც ქართული ბიზნესების გაციფრულებასა და განვითარებაში ლომის წილი მიუძღვის, რაც კომპანიის საქართველოში ოპერირებს 25-წლიანი ისტორიით და მარტივი სტატისტიკით დასტურდება. როგორც კავკასიაში VISA-ს რეგიონულმა დირექტორმა, დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში განაცხადა, ამ დრომდე, ამერიკულმა კომპანიამ საქართველოში 200-მდე ბიზნესი გააციფრულა, რაც კომპანიებისთვის ვებგვერდის შექმნას და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებების მიცემას გულისხმობს.
“გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესი - ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა, რის გამოც, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა VISA-სთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს და შესაბამისად, ამ მიმართულებით უამრავ ინიციატივას ვახორციელებთ.
საქართველოში 25 წელი შეგვისრულდა და ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, თუ როგორ განვითარდა ამ დროის განმავლობაში საქართველოში გადახდების ეკოსისტემა, ანუ სად ვიყავით და სად მოვედით. ვამაყობთ, თუ რამხელა გზა გამოვიარეთ.
ჩვენს ახალ პროექტებს რაც შეეხება, წელს USAID-ის ეკონომოკირი უსაფრთხოების პროგრამასთან ორ პროექტს ვახორციელებთ. პირველი პროექტის სახელწოდებაა eCom in a Box, რომლითაც ბიზნესების გაციფრულების ვალდებულება ავიღეთ თან არამხოლოდ გლობალურად, არამედ ლოკალურადაც.
ექსკლუზიურად გეტყვით, რომ სამი წლის წინ, მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ბიზნესის გაციფრულების პასუხისმგებლობა ავიღეთ. ახლა კი მონაცემები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ ამ გეგმას გადავაჭარბეთ და ჯამში, 67 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი გავაციფრულეთ მსოფლიოში.
აღნიშნული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია და მის მიღწევაში დიდი როლი საქართველოსაც აქვს - კი, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ის გავლენა, რომელიც ამ აქტივობებს ლოკალურად ჰქონდა, ძალიან დიდია. eCom in a Box-ის ფარგლებში, საქართველოში 200-მდე ბიზნესი გავაციფრულეთ - გეგმად 200 ბიზნესის გაციფრულება დავისახეთ, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ მაჩვენებელს გადავაჭარბებთ.
ამ პროექტის ფარგლებში, ბიზნესს ვთავაზობთ ყველა იმ ხელსაწყოს, რომელიც ონლაინსივრცეში ოპერირების დასაწყებად არის საჭირო, მათ შორის ვებგვერდს, საკომისიოებზე შეღავათებს და კლიენტისთვის დამატებით სარგებელს, რითაც ბიზნესს შეუძლია თავიდანვე იზრუნოს საკუთარი ვებგვერდის პოპულარიზაციაზე”, - განაცხადა დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას VISA-ს რეგიონულმა დირექტორმა ამერიკულ კომპანიებსა და სტარტაპებს შორის არსებულ პარტნიორობაზეც ისაუბრა და ქართული სტარტაპი Payze-ი გამოყო, რომელმაც 2021 წლის Visa Everywhere Initiative-ის კონკურსში გაიმარჯვა.
“მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რაც შეეხება, პარტნიორებთან ერთად ბევრ პროექტს ვახორციელებთ. გლობალური ინიციატივებიც გვაქვს, რომელთა დახმარებით ვცდილობთ ადგილობრივი სტარტაპები გლობალურ VISA-ს გავაცნოთ. ამ მიმართულებით სამაგალითო კომპანიაა Payze-ი - ჩვენი ერთ-ერთი გამარჯვებული, რომელიც, ვფიქრობ, Visa-ში ყველამ იცის და ჩვენც ვცდილობთ კოლეგებს განვითარებაში დავეხმაროთ”, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს გაციფრულებაში VISA არამხოლოდ დიდ ქალაქებში ეხმარება, არამედ საზღვრისპირა სოფლებშიც, სადაც ეკონომიკური აქტივობა გაცილებით დაბალია.
“კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით ვახორციელებთ იმ ბიზნესების გაციფრულებას გულისხმობს, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე რეგიონებში მდებარეობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ნაკლები წვდომა აქვთ, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრთან, ასევე რესურსებთან. არადა, დღეს, ონლაინგარემოში პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება - აუცილებელია. ეს პროექტი ახლახან დავიწყეთ, მაგრამ უკვე ვხედავთ ინტერესს, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან ამ ბიზნესებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ახალ პროექტს რომ ვიწყებთ, ვფიქრობ, თუ სად არის ამ პატარა ქვეყანაში ამდენი ბიზნესი, მაგრამ ყველა პროექტში კარგ შედეგებს ვდებთ. ფაქტია, რომ დამატებით 200 ბიზნესი მოვძებნეთ და ამ პროექტით, კიდევ 200 ბიზნესის პოვნა გვსურს. დარწმუნებული ვარ, რომ გეგმას ამ პროექტითაც გადავაჭარბებთ”, - განაცხადა კავკასიაში VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა, დიანა კიღურაძემ TECH INFORM-ში სტუმრობისას.