მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმიანებიან დასავლელი ლიდერები 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს?

ოდირი

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას სოციალურ ქსელებში დასავლური ქვეყნის ლიდერები, საგარეო უწყებათა წარმომადგენლები და მინისტრები ეხმიანებიან.

პოლიტიკოსების ძირითადი ნაწილი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარების საჭიროებაზე საუბრობს.

"ყველაფერზე მეტად, ქართველებს სჭირდებათ ხელახალი არჩევნები და ევროპული მომავალი", - წერს მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

"ეს არ არის ანგარიში ნამდვილად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რომელიც ხალხის რეალურ ნებას გამოხატავს. გამოსავალი ხელახალი არჩევნების დანიშვნაშია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების", - წერს ფრანკ შვაბე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

"საქართველოში ბოლო არჩევნების შესახებ ჩვენი შეშფოთება ეუთო/ოდირმა თავის საბოლოო დასკვნაში დაადასტურა. როდესაც არჩევნები წუნდებულია, დემოკრატიას საფრთხე ექმნება", - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე.

"ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ადასტურებს წინასწარ დასკვნებს. ეს არ არის სტანდარტი, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოველით", - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტში".

"არჩევნებში ხმის მიცემა შურისძიების შიშის გარეშე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოში ბოლო არჩევნებში ეს დემოკრატიული უფლება დაირღვა. ოდირის დასკვნების განხილვა და რეკომენდაციები უნდა შესრულდეს", - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ელინა ვალტონენი.

ეუთო/ოდირმა 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნაში რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, რომელთა შორისაა: ამომრჩეველთა დაშინება; არათანაბარი საარჩევნო გარემო; ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევა და მედიის მიკერძოებულობა. ორგანიზაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების ცნობას მისი მანდატი არ ითვალისწინებს და მისი ფუნქციაა უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასება.

[მასალა განახლებადია]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები