ათწლეულების განმავლობაში დუბაის სავიზიტო ბარათი მოკაშკაშე ცათამბჯენები, გადასახადებისგან თავისუფალი ხელფასები, ბიზნესის კეთების სიმარტივე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არამატერიალური რამ იყო: გამოუთქმელი პირობა, რომ, რა კონფლიქტიც არ უნდა ყოფილიყო ახლო აღმოსავლეთში, ის დუბაის საზღვრებთან შეჩერდებოდა - ამის შესახებ სტატიას, სათაურით "როგორ გადის გამოცდას დუბაის "უსაფრთხო ნავსაყუდელის" სტატუსი" - Reuters-ი აქვეყნებს.
შაბათს (28 თებერვალს) ყველაფერი შეიცვალა. ირანის საპასუხო დარტყმებმა სპარსეთის ყურის გავლით დუბაის საკვანძო სექტორებს - აეროპორტებს, სასტუმროებსა და პორტებს მიაყენა ზიანი. მათ ასევე შეარყიეს იმ ქალაქის ფსიქოლოგიური საყრდენები, რომელიც ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამკვიდრებდა იდენტობას, როგორც ბიზნესის კეთებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ადგილი არასაიმედო სამეზობლოში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირეა, სწრაფად იმოქმედა არა მხოლოდ ფიზიკური ზარალის, არამედ ნდობის აღდგენის კუთხითაც. აგს-ის საგანგებო სიტუაციების, კრიზისებისა და კატასტროფების მართვის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ინვესტორებისა და რეზიდენტებისთვის ეს განცხადებები დამამშვიდებელი აღმოჩნდა, თუმცა საკმარისი თუ არა - ეს სხვა საკითხია.
"რთულია გადაჭარბებით შეაფასო ის საფრთხე, რაც დუბაის ეკონომიკურ მოდელს ემუქრება. ფიზიკური ზიანი შეიძლება მცირე იყოს და ტკივილის უმეტესი ნაწილი ჯერჯერობით ფსიქოლოგიურია. მაგრამ დუბაის, როგორც უცხოელებისა და მათი ბიზნესებისთვის უსაფრთხო ნავსაყუდელის სტატუსი, სულ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ინტენსიური იქნება ალტერნატიული ადგილების ძიება. დუბაის სჭირდება, რომ ეს ომი ახლავე დასრულდეს. საერთაშორისო კაპიტალი ძალიან მობილურია", - განაცხადა ჯიმ კრეინმა, რაისის უნივერსიტეტის ბეიკერის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა.
დაძაბულობის ნიშნად, ორშაბათსა და სამშაბათს საამიროების საფონდო ბირჟები დაიხურა. ამასთან, Amazon-ის "ღრუბლოვანი" გამოთვლების ობიექტებზე დარტყმის შედეგად გამოწვეულმა ტექნიკურმა ხარვეზმა ზოგიერთი საბანკო ოპერაცია შეაფერხა, ათობით ათასი ადამიანი კი აგს-ში ჩარჩა, რადგან საჰაერო სივრცე ძირითადად დახურული იყო.
როგორ შეიქმნა "დუბაის" ბრენდი?
დუბაის ტრანსფორმაცია მარგალიტის მომპოვებელი მოკრძალებული სათევზაო პორტიდან გლობალურ ფინანსურ ცენტრამდე ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა. 1985 წელს ავიაკომპანია Emirates-ის დაარსება, 1999 წელს სასტუმრო Burj Al Arab-ის გახსნა და 2000-იანი წლების დასაწყისში მიღებული კანონები, რომლებმაც უცხოელებს უძრავი ქონების ფლობის უფლება პირველად მისცა - დუბაის ბრენდის საფუძველი იყო.
დუბაის ეკონომიკა თითქმის მთლიანად არასანავთობო სექტორებზე მუშაობს, ნავთობი კი მშპ-ს 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. ის ჩაანაცვლა ვაჭრობის, ტურიზმის, მაღალი კლასის უძრავი ქონებისა და ფინანსური სერვისების ნაზავმა, რაც ლონდონისა და ნიუ-იორკის მსგავს მარეგულირებელ ჩარჩოზეა აგებული. შედარებისთვის, მეზობელი აბუ-დაბი, რომელიც აგს-ის ნავთობის მარაგების 90%-ზე მეტს ფლობს, ზრდისთვის კვლავ ნავთობშემოსავლებზეა დამოკიდებული.
1970-იან წლებში სამოქალაქო ომამდე რეგიონის საერთაშორისო ფინანსური დედაქალაქი ბეირუთი იყო. შემდეგ ვაკუუმი ბაჰრეინმა შეავსო, სანამ დუბაის აღზევებამ ის უფრო მოკრძალებულ მოთამაშედ არ აქცია. თითოეული ჩანაცვლება ერთსა და იმავე დაპირებას ეფუძნებოდა: სტაბილური, ღია ალტერნატივა იქ, სადაც რეგიონული კრიზისი არ იყო. დუბაიმ ეს დაპირება წინამორბედებზე ბევრად სრულყოფილად შეასრულა.
დუბაის აღზევება ნაწილობრივ სხვების არასტაბილურობაზე იყო აგებული. სამოქალაქო კონფლიქტით დევნილი სირიელები, "არაბული გაზაფხულით" შეშფოთებული მდიდარი ოჯახები და, სულ ახლახან, უკრაინის ომის გამო გაქცეული რუსები - ახალმა რეზიდენტებმა საამიროში კაპიტალი და ნიჭი შეიტანეს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობა 1980 წლის 1 მილიონიდან 2024 წელს 11 მილიონამდე გაიზარდა. Henley & Partners-ის მონაცემებით, გასულ წელს აგს რეკორდული რაოდენობის, 9 800 მილიონერის მიღების გზაზე იყო, რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია. ფული უძრავ ქონებაში ჩაედინა, რამაც დუბაის დეველოპერ Emaar Properties-ის აქციები 25 თებერვალს რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა და კომპანია დაახლოებით 149 მილიარდ დირჰემად ($40.6 მილიარდი) შეფასდა.
2004 წელს დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (DIFC) შექმნამ ფინანსური ფირმების მოზიდვას შეუწყო ხელი. 2025 წლის ბოლოსთვის DIFC მასპინძლობდა 290-ზე მეტ ბანკს, 102 ჰეჯ-ფონდს, 500 აქტივების მმართველ ფირმასა და 1,289 საოჯახო ბიზნესს.
რა შეცვალა 2026 წლის 28 თებერვალმა?
ჰორმუზის სრუტე, რომელზეც მსოფლიო საზღვაო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, დუბაის "უკანა ეზოშია". ირანი - ქვეყანა, რომელსაც აქვს როგორც მოტივი, ისე შესაძლებლობა, დესტაბილიზაცია შეიტანოს ყურის კომერციაში - პირდაპირ წყლის მეორე ნაპირზე მდებარეობს.
გასულ შაბათ-კვირას მიყენებული ფიზიკური ზიანი თვალსაჩინო იყო. დარტყმა მიადგა დუბაის საერთაშორისო აეროპორტს, ცეცხლი გაუჩნდა ჯებელ ალის პორტის ერთ-ერთ ნავსადგომს, ხოლო სასტუმრო Burj Al Arab-მა რაკეტის ნამსხვრევებისგან დაზიანება მიიღო. აგს-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 3 და დაშავდა 58 ადამიანი.
"ხალხს ეშინია იმის, რაც ხდება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათ თავშესაფრებში დამალვა უწევთ. დუბაის აეროპორტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიოში, რამდენიმე დღით უნდა დაიხუროს. 70%-იანი ალბათობით, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ გეოპოლიტიკური რისკის პრემიას [რეგიონზე]", - განაცხადა ნაბილ მილალიმ, Edmond de Rothschild Asset Management-ის მრავალაქტივიანი პორტფელის მენეჯერმა.
აგს-ში მოქმედი საშუალო ზომის საინვესტიციო ფირმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიამ პრევენციულად დაიწყო თანამშრომლების გათავისუფლების დაგეგმვა და შეაჩერა თანხების მოზიდვა; საიუველირო ინდუსტრიის წარმომადგენლის ცნობით, ოქროს ზოდებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა; კერძო ბანკირის ცნობით, საერთაშორისო კერძო ბანკებმა, რომლებიც საამიროში საკონსულტაციო ოპერაციებს აფართოებდნენ, შესაძლოა, თავიანთი ყოფნის მასშტაბებს გადახედონ. მისივე თქმით, ფირმებმა შესაძლოა, ხელახლა განიხილონ კლიენტების მომსახურება ადგილზე, სხვა ლოკაციიდან მომსახურების სანაცვლოდ.
"ისტორიულად, ისეთმა ბაზრებმა, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კრიზისების დროს (მათ შორის COVID-ის პერიოდში) მედეგობა აჩვენეს, რასაც მხარს უჭერდა ძლიერი პოლიტიკური რეაგირება და მმართველობა.
ამ ეტაპზე, ინსტიტუციური კაპიტალის ფართომასშტაბიანი სტრუქტურული გადინება აგს-დან ან ზოგადად ყურის რეგიონიდან ნაკლებად სავარაუდოა, თუ დაძაბულობა არსებითად არ გამწვავდება ან ხანგრძლივ პერიოდს არ გასტანს", - განაცხადა მადჰურ კაკარმა, Elevate Financial Services-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
კაპიტალის გადინების შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს. 2 და 3 მარტს აბუ-დაბისა და დუბაის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის შეჩერება აგს-ის რეგულატორებისთვის უპრეცედენტო ნაბიჯია.
"ეს აღქმების მართლაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა", - განაცხადა უილიამ ჯექსონმა, Capital Economics-ის განვითარებადი ბაზრების მთავარმა ეკონომისტმა. "ყურის ეკონომიკები ზოგადად დაცულად ითვლებოდა ირანის საპასუხო ქმედებებისგან. ვფიქრობ, შაბათ-კვირას ეს მართლაც შეიცვალა".
გავლენა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, თქვა მან. "მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ დივერსიფიკაციის მცდელობებს, რომლებიც რეგიონში მიმდინარეობს".




























