მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გახდა NVIDIA პლანეტის უმსხვილესი კომპანია?

NVIDIA

ნახევარგამტარების და კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Nvidia პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდა. მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 335 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც Microsoft-ის და Apple-ის საბაზრო შეფასებაზე უფრო მაღალი მაჩვენებელია.

Nvidia-ს წარმატების ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც წარმოშობით ტაივანელმა მეცნიერმა, ჯენსენ ჰუანგმა ტექნოლოგიური სტარტაპი დააფუძნა. აღსანიშნავია, რომ საკუთარი კომპანიის დაფუძნებამდე ჰუანგი AMD-ში მუშაობდა, თავადი AMD კი ამ ინდუსტრიის ლიდერი იყო და მასთან კონკურენციის გაწევა არარეალისტურ ამოცანას წარმოადგენდა, თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ მისი ხედვა კომპიუტერულ ინდუსტრიას თავდაყირა დააყენებდა.

ჰუანგი ჯერ კიდევ 90-იან წლებში აცნობიერებდა, რომ გართობის მომავალი კომპიუტერულ თამაშებში იყო, ამ ინდუსტრიის განვითარებას კი მძლავრი კომპიუტერები და გრაფიკული ბარათები სჭირდებოდა, რასაც იმ პერიოდში ფაქტობრივად არავინ აწარმოებდა. 90-იან წლებში დეველოპერებისა და დიზაინერების მთავარი გამოწვევა სწორედ კომპიუტერების შეზღუდული შესაძლებლობები იყო, ჰუანგს კი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა ჰქონდა გადაწყვეტილი.

კომპანიის დაარსებიდან დაახლოებით ათ წელიწადში Nvidia პლანეტის ყველაზე მძლავრ გრაფიკულ ბარათებს აწარმოებდა, კომპანიის მთავარი ფოკუსი კი გეიმინგ ინდუსტრია იყო. დაარსებიდან დღემდე კომპანია ამ პრინციპს არ ღალატობს და Nvidia-ს მთავარი ამოცანა ყოველთვის მოთამაშეების სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და დიზაინერების ფანტაზიების და ოცნებების აღსრულებაა.

ამ ფილოსოფიით 2021 წელს Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 821 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გეიმინგ ბუმით იყო განპირობებული. პანდემიურ პერიოდში კომპიუტერულ თამაშებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, რამაც Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა.

სისწრაფის, სიმძლავრისა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვამ Nvidia უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანა, თუმცა გეიმერული აზარტით მოწამლული ჯენსენ ჰუანგისთვის ეს არ იყო საკმარისი. მისი შემდეგი სამიზნე სუპერკომპიუტერის შექმნა იყო, რომელსაც არა უბრალო მომხმარებელი, არამედ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებდა.

2022 წელს მსოფლიომ Nvidia-ს ახალი ქმნილება, H100 იხილა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი პროფესიონალური ვიდეო ბარათი.

2022 წლის ნოემბერში კომპანია OpenAI-მ მსოფლიოს უახლესი თაობის ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT წარუდგინა, რომელიც, რა თქმა უნდა, Nvidia-ს ვიდეო ბარათებს იყენებდა.

2023 წლისთვის გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის მთავარი ამოცანა საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის შექმნა გახდა, ამ მიზნის მისაღწევად კი რაც შეიძლება მეტი სერვერის მოწყობა და Nvidia H100-ის ყიდვაა საჭირო, რომლის საწყისი ფასიც 40,000 დოლარს შეადგენს.

ამჟამად სილიკონის ველზე ყველაზე მოთხოვნადი საქონელი სწორედ H100-ია, რომლის შესაძენად კომპანიები მზად არიან რამდენიმე თვე რიგში იდგნენ.

ექსპერტების შეფასებით, Google-თან, Intel-თან და AMD-სთან შედარებით Nvidia ტექნოლოგიურად დაახლოებით სამი წლით წინ არის, რაც ტექ ინდუსტრიაში სამ საუკუნედ შეიძლება ჩაითვალოს.

Nvidia ამჟამად გეიმინგ ბაზრის 83%-ს აკონტროლებს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კი Nvidia-ს ჩიპებზე ბაზრის ფაქტობრივად 90% მოდის.

Nvidia-ს აღმასვლის ფონზე, ცხადია, გაიზარდა მისი დამფუძნებლის და ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის ქონებაც, რომელიც ამჟამად 115 მილიარდ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება თავად კომპანიას, მისი აქციების ღირებულება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის 3,500%-ით არის გაზრდილი, რაც უმსხვილეს კომპანიებს შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები