მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამდიდრდა მასკი 7 დღეში $200 მილიარდით?

ილონ მასკი

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის ქონება ბოლო 1 კვირაში $200 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად $700 მილიარდს აჭარბებს.

გასული კვირის დასაწყისში მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების შეფასებამაც $600 მილიარდს მიაღწია. მაშინ ამ შედეგის დადებას ხელი კოსმოსური სფეროს ამერიკული გიგანტის, მასკის მიერ დაფუძნებული SpaceX-ის კაპიტალიზაციის $800 მილიარდამდე გაზრდამ შეუწყო ხელი. საუბარია კომპანიაზე, რომელშიც მილიარდერი 42%-იან წილს ფლობს. SpaceX-ის შეფასების გაზრდა ბოლო თვეების წარმატებულმა სარაკეტო გამოცდებმა, ასევე საფონდო ბირჟაზე გამოჩენის დაანონსებამ განაპირობა. მასკის ქონება $600 მილიარდამდე სწორედ ანონსის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. ასე გახდა ის მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

თუმცა კვირის ბოლოს, დელავერის უზენაესი სასამართლოს მიერ ვერდიქტის გამოტანის ფონზე, მასკი დამატებით $139 მილიარდით გამდიდრდა და კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების შეფასებამაც $700 მილიარდს გადააჭარბა. ამ მოცემულობით, მასკის ქონება სულ რაღაც 7 დღეში $200 მილიარდზე მეტით გაიზარდა და ამჟამად $749 მილიარდს შეადგენს.

რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, თუ როგორ დაემატა მის ქონებას დამატებით $100 მილიარდზე მეტი, ეს იმ დავის დასრულებას უკავშირდება, რომელიც Tesla-ს ერთ-ერთმა მსხვილმა აქციონერმა მასკის წინააღმდეგ წლების წინ დაიწყო. საქმე ეხება 2018 წელს, კომპანიის აღმასრულებელი ბორდის მიერ მასკისთვის დამტკიცებულ სახელფასო ჩეკს შემდეგი პირობით - თუ მილიარდერი Tesla-ს კონკრეტულ მიზნებს მიაღწევინებდა, ის ანაზღაურების სახით $139 მილიარდის აქციებს მიიღებდა. მასკმა დათქმული დაპირების შესრულება შეძლო, თუმცა როცა საქმე ანაზღაურებამდე მივიდა, ერთ-ერთმა მსხვილმა აქციონერმა სასამართლოში დავა დაიწყო. მომჩივანი აცხადებდა, რომ მასკმა ბორდი საკუთარი გარემოცვის წევრებით დააკომპლექტა და მათ კოლოსალური მოცულობის ჩეკის გამოწერა დაავალა, რათა Tesla-ში საკუთარი წილის მოცულობა გაეზარდა. თუ მასკი $139 მილიარდის აქციებს მიიღებდა, ეს კომპანიის განვითარებაზე სხვა ინვესტორების ზეგავლენას მკვეთრად შეამცირებდა და ელექტრომობილების სექტორის გიგანტს მასკის პირად კომპანიად აქცევდა.

დელავერის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განაჩინა, რომ მილიარდერისთვის აქციების გადაცემის დაბლოკვა უსამართლო იყო, რადგან მასკმა ჩეკის გამოწერისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და Tesla ელექტრომობილების წარმოების წამყვან კომპანიად აქცია. რაც შეეხება “ერთი კაცის კომპანიად” ქცევისა და სხვა ინვესტორების ზეგავლენის შემცირების რისკებს, არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, უზენაესმა მოსამართლემ მსგავსი რისკები ვერ დაინახა.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აღმასრულებელმა ბორდმა და აქციონერებმა რამდენიმე კვირის წინ მასკს ანაზღაურების კიდევ ერთი პაკეტი დაუმტკიცეს. ამჯერად, თუ მილიარდერი Tesla-ს $8-ტრილიონიან კომპანიად ქცევას, ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგის დადებას შეძლებს, ის ანაზღაურების სახით აქამდე არნახული მოცულობის, $1 ტრილიონის აქციებს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები