მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გავასაჩივროთ საპენსიო ჯარიმა - ფონდში სპეციალური სტრუქტურული ერთეული ამოქმედდა

საპენსიო

დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო ჯარიმები დაერიცხათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა, საპენსიო ფონდს ოფიციალური ფორმით მიმართონ.

ფონდი BMG-სთან წერილობით იმ პროცედურებსა და წესებს განმარტავს, რაც ბიზნესსექტორმა გასაჩივრებისთვის უნდა დაიცვას:

„განცხადებით საპენსიო ფონდს შეუძლია, მიმართოს მხოლოდ იმ დამსაქმებელმა, რომელსაც დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა.

ძირითადი ინფორმაცია დამსაქმებლებისთვის:

ჯარიმის დეტალები: ჯარიმის შესახებ დეტალური ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საპენსიო ფონდის ვებგვერდზე, დამსაქმებლის პირად პროფილში.

განცხადების ფორმა: საჩივრის/განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

წარდგენის საშუალებები: ელექტრონული გზით (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით), ვებგვერდიდან ჩამოტვირთული და შევსებული ფორმის სახით;

პირადად, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან საპენსიო ფონდის ოფისში, მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №14.

სავალდებულო რეკვიზიტები: საჩივარში აუცილებლად უნდა მიეთითოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ჯარიმის ქვითრის (ან ქვითრების) ნომერი, და დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო ნომერი. ასევე, განცხადება წარდგენილი უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სათანადოდ უფლებამოსილი (მინდობილი) პირის მიერ.

საპენსიო ფონდი მოუწოდებს დამსაქმებლებს, დამატებითი ჯარიმების ან/და საურავის, ასევე სააღსრულებო წარმოების პროცესის თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყონ საპენსიო შენატანების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სრულად და დროულად განხორციელება.

დამატებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საპენსიო ფონდს ცხელი ხაზის მეშვეობით, 14 80, ან ესტუმროთ მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №14" - აღნიშნულია საპენსიო ფონდის წერილობით განმარტებაში.

საპენსიო ფონდში სპეციალური მექანიზმი მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა, რომელიც დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს შეისწავლის. საუბარია ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებზე.

დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები