ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იგეგმება 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების წახალისება, რათა მათ ვაქცინაციის კუთხით მეტად იაქტიურონ. ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა, რამაც მოქალაქეებს აცრის მოტივაცია უნდა მისცეს.
"განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა და ამ პერიოდის მანძილზე სულ უფრო და უფრო ფართოვდება არეალი, სადაც ოჯახის ექიმი ერთვება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც დაშვებას ვაკეთებთ, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის რთული იყოს გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ამ კუთხით ოჯახის ექიმებს დაევალებათ თავიანთ უბნებზე გაატარონ საინფორმაციო ღონისძიებები.
ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმსჯელობთ სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის მოტივატორი გახდეს. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია, თუ რა შეიძება იყოს ეფექტიანი სწორედ იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.




























