მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იქცა ლუქსემბურგი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად?

ლუქსემბურგი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის შუაგულში მდებარე ლუქსემბურგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაა მსოფლიოში. თავად ამ მოცემულობას კი ის განაპირობებს, რომ ძალიან მცირე ფართობის მიუხედავად, ლუქსემბურგელები პლანეტაზე ყველაზე მდიდარი მოქალაქეები არიან. ლუქსემბურგი ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც დასავლეთ ევროპაში, გერმანიას, ბელგიასა და საფრანგეთს შორისაა მოქცეული, ხოლო მისი ფართობი, სულ რაღაც 2,586 კვადრატული კილომეტრია, მაგრამ ამ მოცემულობაშიც კი, ლუქსემბურგის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 125,006 დოლარს შეადგენს. თავად ეს ფაქტი, ცხადია, ლუქსემბურგის მცირე მოსახლეობით აიხსნება, რომელიც 660,000-ს შეადგენს.

მაშ, როგორ იქცა ლუქსემბურგი ევროპის ფინანსურ ცენტრად? ეს მოცემულობა ლუქსემბურგის ეკონომიკის დარგობრივი აგებულებით აიხსნება. ქვეყნის ეკონომიკა თითქმის სრულადაა დამოკიდებული მომსახურების სექტორზე, რომლის უდიდესი ნაწილი - საბანკო-საფინანსო საქმეზე მოდის, რითაც ლუქსემბურგი კიდევ ორ ევროპული ფინანსური ცენტრს - ლონდონსა და ციურიხს ჰგავს. თუმცა თუ ლონდონი დიდი პოლიტიკური ქვეყნის დედაქალაქია, იმავეს ვერ ვიტყვით შვეიცარიაზე, რომელიც ისტორიულად ნეიტრალური სახელმწიფოა. აი, განვითარების სწორედ ეს გზა აირჩია ლუქსემბურგმაც, რომელიც ნეიტრალური ქვეყანაა, ხოლო ეს სტატუსი, ქვეყანაში მდიდარი ადამიანებისა და მათი კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს.

თავის დროზე, ლუქსემბურგი ფოლადის წარმოებით იყო სახელგანთქმული და იყო დრო, როცა ეს მცირე ზომის სახელმწიფო რკინის მადნებს ისე ეფექტიანად ითვისებდა, რომ ფოლადის ერთ-ერთ უდიდეს მწარმოებლად იქცა მსოფლიოში. თუმცა მოგვიანებით, რამდენიმე დამოუკიდებელი ფაქტორის შედეგად, პლანეტა ფოლადის კრიზისმა მოიცვა და ლუქსემბურგი, გარკვეულწილად, არაკონკურენტუნარიანი გახდა, მით უფრო რომ ეს ის დროა, აზიური გიგანტი სახელმწიფოები გლობალურ ეკონომიკაში რომ ჩაერთნენ. აი, ასე ჯუჯა სახელმწიფოს ხელისუფლება ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც ფინანსური ეკოსისტემის განვითარება გადაწყვიტა.

ლუქსემბურგი პოლიტიკურად სტაბილური სახელმწიფოა, რომელიც ევროპის შუაგულში მდებარეობს. ამასთან, ქვეყანაში ძალიან ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა მოქმედებს, რომლითაც, წლების განმავლობაში, ლუქსემბურგმა არაერთი მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია მოიზიდა. კომპანიებთან ერთად, ცხადია, ლუქსემბურგში კაპიტალის შენახვით მდიდარი ადამიანებიც ინტერესდებიან, რაც, უმეტესწილად, ქვეყანაში არსებული საბანკო საიდუმლოების კანონს უკავშირდება.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელსაც ლუქსემბურგი აგენერირებს, დიდწილად, სწორედ იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებიც ამ ჯუჯა სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებულები, ანუ ამ კაპიტალის დიდი ნაწილი, ლუქსემბურგში არ რჩება. ამავეს თქმა შეგვიძლია ლუქსემბურგის მოსახლეობაზეც, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი მუშაობს, რომელიც, რეალურად, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ლუქსემბურგის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იქ ბევრი გერმანელი, ბელგიელი და ფრანგი მუშაობს, რომელიც სამუშაო დროს ლუქსემბურგში ატარებს, მოგვიანებით კი - საკუთარ ქვეყანაში ბრუნდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე მდიდარი მოქალაქეების ჩამონათვალში ლუქსემბურგელები მაინც პირველ ადგილს იკავებენ, თუ, ცხადია, მონაკოს არ ჩავთვლით, რომელიც, დიდწილად, სახელმწიფო არ არის. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ თუ ლუქსემბურგის მოსახლეობის TOP 1%-ში გსურთ მოხვედრა, სულ მცირე 10.8 მილიონი დოლარის ქონებას უნდა ფლობდეთ. თავად ეს ფაქტი კი იმითაა განპირობებული, რომ ლუქსემბურგში 46,000-ზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, რომელთა ქონების საშუალო შეფასება 3.2 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები