მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუქსემბურგში საათში 47 ევროს გადაგიხდიან - სად ღირს შრომა ყველაზე ძვირი?

ლუქსემბურგი

ევროპას ხშირად დასაქმებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო კონტინენტად მოიაზრებენ. არგუმენტად კი სამუშაო პირობები, შრომითი უფლებები და ანაზღაურებაც მოჰყავთ. ჩამოთვლილი მიზეზები განაპირობებს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე დასაქმებისთვის ხშირად სწორედ ევროპას ირჩევს.

Visual capitalist "ევროსტატის" მონაცემებზე დაყრდნობით, ევროპის ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც საშუალო საათობრივი ანაზღაურება ყველაზე მაღალია. მონაცემები 2023 წლის მაჩვენებელს ეყრდნობა.

ლუქსემბურგი, ე.წ ევროპის ფინანსური მომსახურების დედაქალაქი, ევროპის იმ ქვეყნებს შორის პირველია, სადაც საათში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასია. ლუქსემბურგში საათში €47-ს იხდიან. აღსანიშნავია, რომ ქვეყანას ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. საუბარია 132,370 დოლარზე. ლუქსემბურგი ათეულში ხვდება ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის. 2024 წლის მონაცემებით, ის მერვე ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა - 7.1 ქულით.

საათში საშუალო ანაზღაურებით სიის მეორე ადგილოსანი დანიაა. დანიაში საშუალოდ, საათობრივი ანაზღაურება €42-ს შეადგენს. ლუქსემბურგის მსგავსად, დანიაც ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის წევრია. ის ათეულში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყნის ბედნიერება კი 7.6 ქულით არის შეფასებული.

დანიას მოსდევს ნორვეგია. ევროპის ამ ქვეყანაში საათობრივი ანაზღაურება დაახლოებით €41.7-ს შეადგენს.

ხუთეულს ავსებენ ისლანდია და ბელგია. შესაბამისად, €39.5 და €36.3 საათობრივი ანაზღაურებით.

ევროსტატის მონაცემთა ბაზაში, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი საათობრივი ანაზღაურება ბულგარეთში აქვთ. ქვეყანაში შრომას საათში 8 ევროდ ფასდება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში საშუალო საათობრივი ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს განსხვავება ქვეყნების ეკონომიკური განვითარებითა და სიმდიდრით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები