სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები 02:00 საათზე განაახლა. ამ დროისთვის შეჯამებულია უკვე 314 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 99 003-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ბოლო მონაცემებით, ხმების უმრავლესობას 54.87%-ს კვლავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ინარჩუნებს. მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 22.08%-ით, ხოლო მესამე პოზიციას ბლოკი „სომხეთი“ იკავებს ხმების 8.37%-ით.
ხმები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის 314 უბნის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
| პოლიტიკური სუბიექტი | ხმების რაოდენობა | პროცენტული წილი |
| „სამოქალაქო კონტრაქტი“ (ნ. ფაშინიანი) | 53 460 | 54.87% |
| ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ | 21 513 | 22.08% |
| ბლოკი „სომხეთი“ | 8 158 | 8.37% |
| „აყვავებული სომხეთი“ | 5 070 | 5.20% |
| „ერთიანობის ფრთები“ | 2 271 | 2.33% |
| „დემოკრატია, კანონი, დისციპლინა“ | 1 585 | 1.63% |
| სომხეთის მერიტოკრატიული პარტია | 1 208 | 1.24% |
| „ყველას წინააღმდეგ“ | 971 | 1.00% |
| რეფორმისტული პარტია „ახალი ძალა“ | 828 | 0.85% |
| „რესპუბლიკა“ | 668 | 0.69% |
| „განათლებული სომხეთი“ | 451 | 0.46% |
| „დემოკრატიის დამცველთა ბლოკი რესპუბლიკისათვის“ | 309 | 0.32% |
| „დემოკრატიული კონსოლიდაცია“ | 251 | 0.26% |
| „ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსი“ | 251 | 0.26% |
| „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ | 151 | 0.15% |
| ქრისტიან-დემოკრატიული პარტია | 118 | 0.12% |
| „რეფორმისტების პარტია“ | 89 | 0.09% |
| „ქოჩარი: ეროვნული აღორძინება და ერის გამოღვიძება“ | 77 | 0.08% |
სომხეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ხმების დათვლისა და მონაცემების განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაციისთვის 4 000 ტექნიკური მოწყობილობა გამოიყენეს.
ხმის მიცემის პროცესის პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად, ვიდეოკამერები დამონტაჟდა 1 758 საარჩევნო უბანზე (იმ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს ან მეტს შეადგენს).
საერთო ჯამში გახსნილი 1 996 საარჩევნო უბნიდან, გადაადგილების პრობლემის მქონე პირთათვის ადაპტირებული და ხელმისაწვდომი მხოლოდ 612 უბანი იყო.
საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 71-მა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ და უცხოური მედიის 180-მდე წარმომადგენელმა.
არჩევნებს თვალს ადევნებდა:
- 13 ადგილობრივი და 8 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია;
- სომხეთში აკრედიტებული 35 დიპლომატიური და საკონსულო მისიის წევრი;
- სხვადასხვა ქვეყნის 14 საარჩევნო ორგანოს წარმომადგენელი, რომლებიც პროცესს სტუმრის სტატუსით აკვირდებოდნენ.



























