5 მარტის მდგომარეობით, ავიაკომპანიების აქციების ფასები არაერთგვაროვანია: ზოგიერთმა პოზიციები აღადგინა, რადგან ახლო აღმოსავლეთიდან მეტი რეისი შესრულდა, სხვების კი შემცირდა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის გამო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებმა გლობალურ საავიაციო ბაზარზე მასშტაბური შეფერხებები გამოიწვია - წერს Reuters.
მთავრობები ახლო აღმოსავლეთიდან ათობით ათასი მოქალაქის გამოსაყვანად სასწრაფოდ ცდილობენ ფრენების ორგანიზებას. რეგიონის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი თვითმფრინავებზე რაკეტების მოხვედრის რისკის გამო დაიკეტა.
Flightradar24-ის უახლესი მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საკვანძო საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენების რაოდენობა გაორმაგდა. მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ სატრანზიტო ჰაბში, რომელიც კონფლიქტის ფონზე გაჩერებული იყო, აქტივობა ნელ-ნელა აღდგა.
მიუხედავად ამისა, მაჩვენებლები ნორმალურ ნიშნულზე ბევრად დაბალია. გლობალური ავიაციის ნორმალურ ნიშნულებზე დაბრუნებას, სავარაუდოდ, დრო დასჭირდება, რადგან კონფლიქტის განმუხტვის ნიშნები ჯერ ნაკლებად ჩანს. შეფერხდა საჰაერო ტვირთების გადაზიდვაც, რამაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და თვითმფრინავების ნაწილების ტრანსპორტირებაზე იმოქმედა.
როგორ იცვლება გლობალური ავიაკომპანიების აქციები
შაბათ-კვირას განხორციელებული პირველი დარტყმების შემდეგ მკვეთრი ვარდნის ფონზე, Cathay Pacific Airways-ის, Qantas Airways-ისა და Korean Air Lines-ის აქციები გაიზარდა და კვირის დანაკარგები ნაწილობრივ აანაზღაურა. Japan Airlines-ის აქციები კი 1%-ით შემცირდა.
ჩინეთის მსხვილი გადამყვანების - Air China-ს, China Eastern Airlines-ისა და China Southern Airlines-ის აქციები ჰონკონგსა და შანხაიში 1%-4%-ით დაეცა.
ევროპაში Air France KLM-ის აქციებმა ოდნავ მოიმატა, თუმცა Lufthansa-ს, British Airways-ის მფლობელი IAG-ისა და ბიუჯეტური Ryanair-ის აქციები დაეცა.
Wizz Air-ის, რომელმაც კონფლიქტის გამო $58 მილიონის ზარალი ივარაუდა, აქციები 6%-ით შემცირდა.
"აზიური ავიაკომპანიები ძალიან მგრძნობიარენი არიან ირანში შექმნილი ვითარების მიმართ, როგორც მარშრუტების, ისე ენერგორესურსების კუთხით, რაც შემოსავლებზეც და ხარჯებზეც აისახება. ნებისმიერმა სიახლემ ომის ხანგრძლივობის შემცირების შესახებ, შესაძლოა, განწყობები ადვილად შეცვალოს", - განაცხადა გერი ნგმა, Natixis-ის უფროსმა ეკონომისტმა.




























