სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე BMG-სთან ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ უწყება საქმიანობაში მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს.
მისი განმარტებით, საქსტატის მიერ გამოყენებული მოდელები არა მხოლოდ თანამედროვეა, არამედ რეგულარულად მოწმდება ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ევროსტატი, გაერო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამასთან, მეთოდოლოგია მუდმივად განიცდის მოდერნიზაციას.
„ჩვენ ინფლაციის მაჩვენებელს 1992 წლიდან ვითვლით, თუმცა მისი განახლება რეგულარულად ხდება. ფასების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ბოლოს 2022 წელს განახლდა და მერწმუნეთ, ეს არის უახლესი მოდელი, რომელიც არსებობს მთელ მსოფლიოში“ - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
მისივე ცნობით, უწყება მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს იყენებს. მათ შორის, გაციფრულების შესაძლებლობებს, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს და მონაცემებს უფრო ზუსტს ხდის.
„სკანერული მონაცემები უკვე ორი წელია გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისას. რამდენიმე მსხვილი ქსელური სუპერმარკეტიდან ჩვენ პირდაპირ ვიღებთ ბაზებს. გარდა ამისა, ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ვებსკრეპინგს - მონაცემების ავტომატურ ჩამოტვირთვას ვებსაიტებიდან, რაც გამოიყენება როგორც უძრავი ქონების, ისე გარკვეული კატეგორიის საქონლის ფასების დასადგენად“, - განმარტავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
მისივე თქმით, საქსტატი მაქსიმალურად ორიენტირებულია გამჭვირვალობაზე, რისთვისაც შექმნილია არაერთი ინტერაქტიური პლატფორმა, მათ შორის პერსონალური ინფლაციის კალკულატორი და „ფასების კალეიდოსკოპი“.
„ჩვენ ვართ ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები. არ შეიძლება სტატისტიკის სამსახურმა ისეთი ციფრი გამოაქვეყნოს, რომელიც მისაღები იქნება ყოველთვის ამა თუ იმ მხარისთვის. ჩვენ ხშირად ვართ კრიტიკის ობიექტი და ჩვენი მონაცემები ხშირად ხდება მანიპულირების იარაღი. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გავყვებით იმ გზას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ნაკარნახევი, მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღები ან კრიტიკული იქნება ეს სხვებისთვის“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე და მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ აუდიტორიასთან, დაინტერესების შემთხვევაში უფრო ვრცლად და დეტალურად ისაუბროს ფასების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე.
ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლებით მანიპულირება შესაძლებელია. მთავარი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად ზუსტად ასახავს ოფიციალური ციფრები მოსახლეობის რეალურ მდგომარეობას და არსებობს თუ არა სტატისტიკით მანიპულირების სივრცე. კითხვები ეხება როგორც სამომხმარებლო კალათაში წონის ცდომილების საკითხს, ასევე ფასების აღრიცხვას. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად მეთოდოლოგიურად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა, არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში ინფლაციის მაჩვენებლებით მანიპულაციის რისკი მაღალია.




























