"საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ განცხადებების ზრდა არის მოსალოდნელი", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ადვოკატმა ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში, ნიკოლოზ გოგილიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეთანხმებით, მარტივდება უცხოური პატენტების საქართველოში დაცვის პროცედურა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, გამოგონებების და პატენტების კუთხით ბოლო წლებში ზრდა არ შეინიშნება და ერთ ნიშნულზეა გაყინული. თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულება ქართული პატენტების ზრდაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„ხელშეკრულება ამოქმედებულია და ამოქმედების შემდეგ განცხადებებს საშუალება მიეცათ, რომ საქართველო მოენიშნათ. პროცედურულად, ამას სჭირდება დრო, რომ ასეთი განაცხადები საქართველომდე მოვიდეს. სხვა ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით, დრო დაახლოებით 18 თვეა და 18 თვის თავზე უცხოური განაცხადების ზრდა არის მოსალოდნელი. თუმცა ეს ქართულ განცხადებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამ ხელშეკრულების ბოლო სასურველი შედეგი არის ის, რომ ვალიდაციის ხელშეკრულების შემდეგ, საქართველო გახდეს ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრი, რაც არც თუ ისე მიუღწეველია. იმიტომ, რომ ეს არ არის ევროკავშირის უწყება, ეს არის სივრცითი უწყება. ხელშეკრულება ბიზნესის ენაზე ნიშნავს, რომ ქართველ გამომგონებლებს ან განმცხადებლებს სურვილისა და პერსპექტივის დანახვის შემთხვევაში საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოგონების კომერციალიზაცია მოახდინონ. ისინი ძირითადად ისეთ ქვეყნებს ირჩევენ, რომელშიც ეკონომიკური განვითარება არის დიდი და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის შესაძლებელი. ამიტომ, ძირითადი ქვეყნები, რომელსაც ნიშნავენ არის ამერიკა და ევროპის ქვეყნები“, - ამბობს ნიკოლოზ გოგილიძე და დასძენს, რომ ქართველმა მეწარმეებმა თუ გამომგონებლებმა პერსპექტივა დაინახეს, რომ ბიზნესი საზღვარგარეთ გადაიტანონ ან გეოგრაფია გააფართოონ.
წამყვანის კითხვაზე, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო ევროპულ სტანდარტებს - ადვოკატი ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში ამბობს, რომ სტანდარტები კანონმდებლობით დაკმაყოფილებული არის თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
„მიმდინარე მოვლენები ინტელექტუალური საკუთრების სფეროზე ყველაზე გვიან აისახება ხოლმე. ნებისმიერი კომპანია თუ სხვადასხვა ობიექტის მფლობელი ყველაზე გვიან იღებს გადაწყვეტილებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან მიმართებით, რადგან ეს არის ობიექტი, რომელიც მას ყოველთვის სჭირდება. თუმცა, ქვეყანაში თუ ეს რყევები გაგრძელდა, საქართველოსთან მიმართებით რიცხვებში 2-3 წლის თავზე აისახება“, - აცხადებს ნიკოლოზ გოგილიძე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, 2 კი ქართული. 2023 წელთან შედარებით პატენტების რაოდენობა მცირედით 3-ით გაზრდილია. საქსტატის თანახმად, საქპატენტში ჯამში 103 განაცხადი (ადგილობრივი და უცხოური) შევიდა და აქედან მხოლოდ 40 განცხადება დაკმაყოფილდა.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO), წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია 1 ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი - 4 ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი.




























