როგორ ხვდება საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს - ბოლოს განახლებული 10 თვის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა 10%-იან ზრდას აჩვენებს. წლის ბოლო ორი თვის შედეგები უცნობია და კიდევ უფრო ბუნდოვანი მომავალი წლისთვის პროგნოზები, რომელზედაც ეკონომისტების შეფასებით გავლენას პოლიტიკური კრიზისს აუცილებლად ექნება.
მოლოდინების ფრთხილი შეფასებები და უფრო მეტად პესიმიზმი დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებამ განაპირობა. პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან გაზაფხულიდან დაიწყო, როცა მთავრობამ ე.წ. რუსული კანონის პარლამენტში ინიციირება და დამტკიცება გადაწყვიტა. შემდეგ იყო არჩევნები, რომლის შედეგების აღიარებასაც პრობლემები როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკურ ველზე შეიქმნა.
პოლიტიკური არასტაბილურობა პრემიერ კობახიძის განცხადებამ გაამწვავა, როცა მან ქართველი ხალხის სახელით 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის გადადებაზე ისაუბრა. ჯერ თბილისის ცენტრში და ეტაპობრივად ქვეყნის მასშტაბით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
დემონსტრატების საპასუხოდ ძალის გამოყენებამ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირება გამოიწვია. ამ ეტაპზე ხელისუფლების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები სანქცირებული ჰყავს: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ბალტიის ქვეყნებსა და უკრაინას.
ჯამში სანქცია 140-ზე მეტ ადამიანს შეეხო, თუმცა იმ პირების ვინაობა, რომლებსაც ამერიკამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა საჯარო არ არის. სავიზო სანქციებისგან განსხვავებით, გაცილებით მძიმეა ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მა საქართველოს მთავრობის წევრის წინააღმდეგ პირველად გამოიყენა.
27 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ამ სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა. ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას.
მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ვახტანგ გომელაური, სადაც როგორც წესი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები ხვდებიან, ვიცე-პრემიერად კი დააწინაურეს. მაგნიტსკის აქტი ითვალისწინებს პირების ანგარიშების გაყინვას; აშშ-ში მოძრავი თუ უძრავი ქონების დაყადაღებას; ფინანსური ტრანზაქციების დაბლოკვას და სავიზო შეზღუდვებს.
ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას განიხილავს ევროკავშირიც, თუმცა აქ საქმე შედარებით რთულადაა, რადგან სანქციებს 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება რადგან საქართველოს ხელისუფლების მოკავშირე უნგრეთი ბლოკავს. მართალია სანქციებზე ვერ შეთანხმდა, თუმცა ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა გააუქმონ, ამ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერაც ჰყოფნიდა. დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები - მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვა მაღალი თანამდებობის ბიუროკრატები. თუმცა 26 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ადასტურებს, რომ ევროკავშირის წევრებთან “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებაზე კონსულტაციები აქვთ.
“ბოლო კვირებსა თუ თვეებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სულ უფრო დააშორა ქვეყანა ევროკავშირს, შესაბამისად, სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ათწლეულების მანძილზე განმტკიცებული პარტნიორობა გერმანიასთან. ამის გამო შევამცირეთ თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღემატება. კონსულტაციებს გავდივართ ევროკავშირის პარტნიორებთან შემდგომი ზომების შესახებ, რაც მოიცავს ნაბიჯებს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებიდან მიზნობრივ სანქციებამდე”, - წერს ბერბოკი.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სანქციები გაგრძელდა. მოსალოდნელი სანქციები და დასავლელ პარტნიორებისგან იზოლაცია რომ ეკონომიკას დააზარალებს ამაზე ქართული ბიზნესი და ეკონომისტები დიდი ხანია საუბრობს. გაზრდილი პოლიტიკური რისკების გამო გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა პერსპექტივა ნეგატიურით შეცვალა, თუმცა საკრედიტო რეიტინგი ჯერჯერობით არ შემცირებულა. ევროკავშირთან თუ მის წევრ ქვეყნებთან და აშშ-თან გაუარესებული ურთიერთობები უკვე აისახა საგარეო დახმარებაზე.
2025 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და უცხოეთის მთავრობებიდან მისაღები გრანტების მთლიანი მოცულობა 91 მილიონი ლარით მცირდება. ყველაზე მეტად ევროკავშირიდან მისაღები გრანტების მოცულობა იკლებს, რაც თავად EU-ს გადაწყვეტილებასთან არის დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის განსაზღვრული 121 მილიონი ევროს სამწლიანი დაფინანსება შეაჩერდა. 237 მლნ ევროს ღირებულების დახმარება შეაჩერა გერმანიამაც.
გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი: "გერმანია სინანულით აჩერებს საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს. შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. კვლავ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და კანონის უზენაესობას".
“ქართული ოცნების” ლიდერებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ურთიერთობა მათთვის სასარგებლოდ გადაიხედება. ამ ფონზე რესპუბლიკელი ჯონ უილსონი, რომელიც არსებული მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით გამოირჩევა, ანაკლიის პორტის ჩინურ ინვესტორზე საუბრობს
რუსული კანონის მიღებიდან მალევე, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. ეს კომპანია აშშ-ს სანქცირებული ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დასავლეთს ამცნო რომ პროექტს ჩინელებს აძლევდა, ეკონომიკის სამინისტროს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიასთან” ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაუფორმებია. არადა, ანაკლიის ინვესტიციები ქართულ ეკონომიკას წაადგებოდა, რადგან წელს უცხოური ინვესტიციები შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 სამ კვარტალში FDI-ის მოცულობა 40%-ით 966 მლნ დოლარამდე შემცირდა.
- 2024 წლის (9 თვე) - 966.3 მლნ დოლარი
- 2023 წელი - 1.9 მილიარდი დოლარი
- 2022 წელი - 2.2 მილიარდი დოლარი
- 2021 წელი - 1.2 მილიარდი დოლარი
ასევე მოსალოდნელია, რომ მალე უკვე ოფიციალურად შეჩერდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რადგან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში, ევროკავშირმაც უნდა იმსჯელოს საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურ შეჩერებაზე