საწვავის ხარისხის შემოწმებისას აღებული 100 სინჯიდან დარღვევა 28 შემთხვევაში გამოვლინდა, რისთვისაც კომპანიებზე 2 მლნ ლარის ჯარიმა გამოიწერა. ასეთია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების შედეგები.
„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე bm.ge-სთან იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც სტანდარტის შეუსაბამო საწვავი ქართულ ბაზარზე ხვდება.
"საქონელი როცა შემოდის, მისი განბაჟება თუ ოფიციალურად ხდება, ყველა კომპონენტი, რომელიც სახელმწიფოს მიერაა განსაზღვრული უნდა შემოწმდეს - რამდენად შესაბამისობაში ნორმებთან. იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამოა, არ უნდა მოხდეს განბაჟება. ეს არის, პირველი დამცავი მექანიზმი. მეორეა, რეალიზაციის პროცესში შემოწმება. ეს არის კონტროლის მექანიზმი.
მიუხედავად ამისა, ხარისხისთვის შეუსაბამო საწვავი, განსაკუთრებით დიზელი ბაზარზე მაინც ხვდება. პირველი, ეს არის კონტრაბანდული გზა, რომელსაც სახელმწიფო მუდმივად ებრძვის, მაგრამ სახმელეთო საზღვრებით მაინც შემოდის კონტრაბანდული საქონელი ქვეყანაში და მეორეა, დიზელის ადგილობრივი წარმოება. მცირე და არც თუ ისე მცირე ქარხნები აწარმოებენ დიზელის საწვავს. იქ რამდენად დაცულია ნორმები და მოთხოვნები, ცალკე პრობლემაა. შეიძლება, ესეც იყო ხარისხის სტანდარტის გაუარესების მიზეზი", - განმარტავს იაკობიძე.
მისვე თქმით, ეს არ არის საკითხი, რომლის მოგვარებაც ნების არსებობის შემთხვევაში რთული, ან მით უფრო შეუძლებელია.
ინფორმაციისთვის, უწყების გავრცელებული ინფორმაციით, დარღვევების გამო სააგენტომ დაახლოებით 2 მლნ ლარის ჯარიმა გაწერა.