მთავრობამ ნავთობის იმპორტიორებს შესაძლოა საწვავის მარაგების შექმნა დაავალდებულოს. ამას ქვეყანაში „ნავთობპროდუქტების სავალდებულო მარაგების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს.
დოკუმენტი პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტთა ნუსხაშია შეტანილი. დოკუმენტს უკვე იცნობს კერძო სექტორი და საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ საწვავის რამდენიმეთვიანი რეზერვების შექმნას ავალდებულებს.
კანონპროექტი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე კანონპროექტის აღწერაში ვკითხულობთ, ეს ვალდებულება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმებიდან მომდინარეობს.
აღსანიშნია, ქვეყანაში საწვავის სავალდებულო მარაგების შექმნის მცდელობა მთავრობას წინა წლებშიც ჰქონდა, თუმცა განხილვების ეტაპზე არ გადასულა, ახლა კი კანონპროექტი, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა, კერძო სექტორსაც გააცნეს და მისი ამოქმედების სავარაუდო დრო მომავალი წლის ბოლოა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს კანონპროექტთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები აქვს. ბიზნეს გაერთიანების შეფასებით, დოკუმენტის არსებული ფორმით მიღება კომპანიებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას და საბრუნავი სახსრების მობილიზებას იწვევს, რაც ბუნებრივია საწვავის სამომხმარებლო ფასებზე აისახება.
„კანონპროექტით წლიური ბრუნვის 30% უნდა იყოს შენახული 3 თვის განმავლობაში. ეს აუცილებლად იმოქმედებს შიდა ბაზრის ფასებზე და კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე. ეს მოითხოვს რეზერვუარების გაფართოებას და დამატებით ფინანსებს. ეს ფული დაწყობილი კომპანიებში არ არის. ყველა მუშაობს ბანკებთან და უნდა აიღონ იმაზე მეტი სესხი, რასაც დღეს იღებენ. ამასთან, ბენზინს აქვს ბუნებრივი აორთქლება, ესეც ხარჯია. ბევრი ფაქტორი და კითხვებია ამაზე“,- აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი.
მსხვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორების მსგავსად ქვეყანაში საწვავის სავალდებულო მარაგების შექმნის შესახებ მთავრობის კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საწვავის საბითუმო რეალიზატორებსაც. როგორც "სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი აცხადებს, მთავრობის მიერ იმპორტიორების დავალდებულება საწვავის რეზერვები შექმნან მინიმუმ 1 ლარით გააძვირებს საწვავს, რადგან მოთხოვნები, რასაც კანონპროექტი ნავთობიმპორტიორებს უწესებს, საკმაოდ სოლიდური ფინანსური სახსრების მობილიზებას გულისხმობს.
„რა მიზანი აქვს ამ კანონპროექტს გაუგებარია. თუ ამის მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ბაზარზე ფასი გაიზარდოს, ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ საწვავის რა რაოდენობაც შემოაქვს ნებისმიერ კომპანიას თვეში საშუალოდ, სამჯერ მეტი რაოდენობის მარაგი უნდა ჰქონდეს ხელშეუხებელი, ეს არის ძირითადი მოთხოვნა. ასევე რაც აქვს რეზერვუარები, სამჯერ მეტი უნდა ააშენოს ან იქირაოს, რაც ასევე ხარჯია. მესამე, როდესაც საწვავი შენახულ მდგომარეობაშია მას გააჩნია ხარჯები, რაც გამოისახება აორთქლებაში. ეს ყველაფერი ჯამში ზრდის საწვავის თვითღირებულებას. სხვა ფაქტორის გარეშე ეს გამოიწვევს მის კიდევ ერთი ლარით გაძვირებას“,-აცხადებს „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე.