აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საქვეყნოდ ცნობილი მომლაპარაკებელია, რომელიც საერთო ენას ყველასთან პოულობს, მათ შორის იმ ადამიანებთან და ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის და მისი ოჯახის მიმართ არც თუ ისე დადებითად არიან განწყობილები.
ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტი, როგორც ჩანს, დიდძალი პირადი სიმდიდრის მოხვეჭასაც ახერხებს — სულ მცირე, ასე ფიქრობს ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა The New York Times-ი, რომელმაც ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ წინა თვეში, დონალდ ტრამპის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა $2 მილიარდის შემოსავალი მიიღეს. ტექნიკურ დონეზე, დონალდ ტრამპის აქტივებს მისი შვილების ფლობენ და მართავენ, შესაბამისად პრეზიდენტს და მის ბიზნესოპერაციებს შორის, სულ მცირე სამართლებრივ დონეზე, ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება. თუმცა ირიბ სარგებელს დონალდ ტრამპი მაინც იღებს, რამაც, შესაძლოა, პრეზიდენტს ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგოს, რაც პირად დოვლათს მოუტანს.
დონალდ ტრამპის ოჯახური ქონების დიდი ნაწილი კრიპტოვალუტებზე მოდის. ამ მხრივ, გამოსარჩევია $TRUMP-ის ტიკერით და ტრამპკოინის სახელით ცნობილი მიმკოინი, რომელსაც არანაირი ფუნდამენტური ღირებულება არ აქვს გარდა იმ ფასისა, რომელსაც მყიდველები მის სანაცვლოდ იხდიან. თავად ოჯახი ტრამპკოინზე პასუხისმგებლობას არ იღებს და მას საკოლექციო ნივთად ყიდის და არა — საინვესტიციო მიზნის მქონე ციფრულ აქტივად. ტრამპკოინიდან პრეზიდენტი სხვა სარგებელსაც იღებს, რაც უმეტესწილად კავშირებით გამოიხატება.
მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპი კრიპტოინდუსტრიის მხარდამჭერ პოლიტიკოსად იქცა ბიტკოინის საყიდლად $2.5 მილიარდის ინვესტიციას მოიზიდავს. ტრანზაქციას პრეზიდენტი Trump Media & Technology Group-ით განახორციელებს, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ის მფლობელი კომპანიაა, რომლის აქციები საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამგვარად, TMTG ტრანსფორმაციას იწყებს, რომლის შემდეგ ციფრულ აქტივებზე ორიენტირებულ ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიად გადაკეთდება.
რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტის კრიპტოკომპანია World Liberty Financial-მა სტეიბლკოინის გამოშვება დააანონსა, რომლის სიმბოლო USD1-ია, ღირებულება კი — $1. ცოტა ხნის წინ, ამ კომპანიაში არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა $2 მილიარდი დააბანდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოველი გამოშვებული მონეტა შესაბამისი მოცულობის ამერიკული დოლარით იქნება გამყარებული, რაც მის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამერიკის პრეზიდენტი ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლას და ფედერალურ დონეზე სტეიბლკოინების ათვისებას მოითხოვს, რაც ნიშნავს, რომ USD1 ამ ბაზარზე ტრამპის ერთადერთი ინიციატივა არ არის.
საამიროებთან ერთად, დონალდ ტრამპის ბრენდში ინვესტირებით სხვა არაბული ქვეყნებიც ინტერესდებიან, მათ შორის კატარი, რომელიც ნაწილობრივ დააფინანსებს ქვეყანაში Trump-ის ბრენდის გოლფის კლუბის და მდიდრული ვილების მშენებლობის $5.5-მილიარდიან პროექტს. მსგავსი გარიგება პრეზიდენტმა საუდურ კომპანიასთან დადო, რომელიც საუდის არაბეთში, დუბაიში და ომანში Trump International Hotel and Tower-ის პროექტს დააფინანსებს. სასტუმროები Trump-ის ბრენდის იქნება, ობიექტის მენეჯმენტის და სალიცენზიო გადასახადების სახით დონალდ ტრამპის ოჯახი მილიონობით დოლარის შემოსავალს მიიღებს.
უძრავი ქონების დეველოპმენტით დონალდ ტრამპის ოჯახის წევრები ევროპაშიც ინტერესდებიან. ამ მხრივ, პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის მეუღლე, ჯარედ კუშნერი აქტიურობს, რომელმაც სერბეთის პრეზიდენტისგან აღნაგობის უფლებით ბელგრადში მდებარე დიდი მიწის ნაკვეთი მიიღო, სადაც Trump-ის ბრენდის სასტუმრო განთავსდება. ამ პროექტს ჯარედ კუშნერის კერძო კაპიტალის კომპანია დააფინანსებს, რომლის ინვესტორებს შორის არაბული სუვერენული სიმდიდრის ფონდები ჭარბობენ.
კატარის ხელისუფლება, სხვათა შორის, დონალდ ტრამპთან მიმართებით მხოლოდ უძრავი ქონებით არ ინტერესდება და პრეზიდენტს სხვა ტიპის საჩუქრებსაც სთავაზობს. მანამ, სანამ დონალდ ტრამპი რამდენიმე კვირის წინ კატარში ჩავიდოდა, ცნობილი გახდა, რომ მილიარდერი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებისგან საჩუქრად $400-მილიონიან თვითმფრინავს მიიღებს, რომელსაც ჯერ საპრეზიდენტო ბორტად გამოიყენებს, მოგვიანებით კი საკუთარ ფონდს გადასცემს და კერძო თვითმფრინავად ეყოლება. თვითმფრინავი ჯერ კიდევ 2012 წელს დამზადდა და ამ დრომდე, მას კატარის სამეფო ოჯახის წევრები იყენებდნენ.
დონალდ ტრამპის იმპერია კიდევ ერთ ბიზნესზე დგას, რომელსაც პრეზიდენტის ოჯახი უახლოეს მომავალში გახსნის. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი აშშ-ის დედაქალაქში ექსკლუზიური კლუბის გახსნას გეგმავს, სადაც ლობისტები, ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები, ინდუსტრიალისტები, მედიამოგულები და სხვა დიდი მასშტაბის მქონე ბიზნესმენები და პოლიტიკოსები გაერთიანდებიან. მოსალოდნელია, რომ ამ კლუბში ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ გაწევრიანებას დიდი ფასიც აქვს — $500,000 ერთ ადამიანზე.
ამ ყველაფერთან ერთად, ბოლო თვეებში, ისევე, როგორც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, დონალდ ტრამპი აქტიურად აქირავებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. LIV Golf-მა, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ლიგაა, ერთ-ერთი ბოლო პროფესიული ტურნირი ფლორიდაში, ტრამპის გოლფის კლუბში გამართა, რაც პრეზიდენტისთვის დიდძალ შემოსავალს ნიშნავს. ფულს დონალდ ტრამპი სხვა სასტუმროების გაქირავებიდანაც შოულობს.




























