მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიაღწია TikTok-მა წარმატებას და რატომ არის ის #ტექლიდერი?

tiktok

სოციალური ქსელების ისტორიაში TikTok-ს საპატიო ადგილი უჭირავს, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდ და ვირუსულად გავრცელებულ პლატფორმას, რომელმაც წარმატებას უმოკლეს ვადებში მიაღწია.

ამჟამინდელი მდგომარეობით, TikTok-ს 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს და ის ისევ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას, რაც მისი ალგორითმითაა განპირობებული, რომელიც მომხმარებლის ქცევას უნიკალური მეთოდით აფასებს. სხვა ქსელებისგან განსხვავებით, TikTok-ის ალგორითმი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს იმ დროს, რომელიც მომხმარებელმა მისთვის შეთავაზებული ვიდეოს ყურებას დაუთმო, განსხვავებით Facebook-ისა, რომელიც კალკულაციის პროცესში უფრო მეტად აქტიურ ინგეიჯმენტს, ანუ მოწონებას, კომენტარსა და გაზიარებას ეყრდნობა. სწორედ ამ პარადიგმული სხვაობის წყალობით, TikTok-ის ალგორითმი ზუსტად ახერხებს მომხმარებლის ინტერესებზე მორგებას, რაც მას განსაკუთრებით ჩამთრევს ხდის.

TikTok-ის წარმატებაში მეორე ფაქტორი მის ფორმატს უკავშირდება. სმარტფონებში ვერტიკალური ვიდეოების გამოყენების ეპოქა სწორედ TikTok-მა დაიწყო, რადგან მის გამოჩენამდე დომინანტურ ფორმატად ჰორიზონტალური ითვლებოდა, რომელიც ფილმებსა და YouTube-ზე იყო მორგებული. გამოსახულების ჩვენების თვალსაზრისით ვერტიკალურ ფორმატს არავითარი უპირატესობა არ აქვს, თუმცა ის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, რადგან მისი მოხმარებისთვის სმარტფონის გადმოტრიალება არ არის საჭირო, სიმარტივე კი TikTok-ის წარმატების გასაღებია.

გარდა ამისა, სხვა სოციალური ქსელების შემთხვევაში, თქვენზე მორგებული კონტენტის სანახავად გარკვეული პერიოდის გავლა და შესაბამისი გვერდების გამოწერაა საჭირო, TikTok-ის გამოყენება კი საწყისი გვერდიდან იწყება, რომელიც პირდაპირ აწვდის მომხმარებელს უსასრულო რაოდენობის კონტენტს და თან გზად ერგება მის ქცევასა და პრეფერენციებს.

ვიდეოს ვერტიკალური ფორმატი, უსასრულო სქროლვა, სწრაფად ადაპტირებადი ალგორითმი და ვიდემონტაჟისთვის ჩაშენებული ხელსაწყოები – ეს იმ ტექნიკური უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომელიც TikTok-ს ნამდვილ გლობალურ სენსაციად და ჭეშმარიტ #ტექლიდრად აქცევს.

რაც შეეხება ამ პლატფორმის შემოქმედ კომპანიას, TikTok-ის დაფუძნება ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ ByteDance-ს უკავშირდება, რომელიც პლანეტის უდიდესი სტარტაპია. აშშ-ის ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით, 2017 წელს ByteDance-მა პოპულარული ვიდეო პლატფორმა Musical.ly შეიძინა, რის შემდეგაც ბაზარზე მისი ფლაგმანი TikTok-ი გამოჩნდა, რომელმაც 2020 წელს, ლოკდაუნების პერიოდში, მსოფლიო უბრალოდ შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები