გამოცემა Datareportal-ი სხვადასხვა წყაროსა და კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ციფრული პლატფორმებით და სერვისებით სარგებლობის ტენდენციებზე სტატიას აქვეყნებს. მათი ცნობით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ინტერნეტით 2.93 მილიონი ადამიანი სარგებლობს, მათგან 2.85 მილიონი კი, სრული მოსახლეობის 76.6% - სოციალური ქსელების მომხმარებელია.
ბუნებრივია, არსებული სტატისტიკა არსებითად ზუსტი არ არის, რადგან სოციალურ პლატფორმებზე თითოეული ანგარიში შესაძლოა არ იყოს უნიკალური ინდივიდების საკუთრება, ერთი ადამიანი კი რამდენიმე ანგარიშს ფლობდეს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სოციალური ქსელების სარეკლამო პლატფორმებზე 18 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2.85 მილიონს აღწევს, რაც ქვეყანაში სრულწლოვანი ადამიანების რეალურ რაოდენობას 2%-ით აღემატება. იგივე პლატფორმა აჩვენებს, რომ საქართველოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა 51.8% მდედრობითი სქესისაა, 48.2% კი - მამრობითი.
ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ია, რომელზეც საქართველოდან 2.85 მილიონი ანგარიშია გახსნილი. Datareportal-ი სტატისტიკის შესადგენად Meta-ს სარეკლამო ხელსაწყოს - Ads Manager-ის - ინფორმაციას ეყრდნობა, რომელიც დაახლოებით გამოთვლის, თუ რომელი ქვეყნიდან რამდენ პოტენციურ მომხმარებლამდე მიაღწევს კონკრეტული რეკლამა.
Meta-ს სარეკლამო სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამდე რეკლამის პოტენციური მიღწევადობა, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე, 9.6%-ით, ანუ 250 000 ანგარიშით გაიზარდა. თუმცა შესაძლოა, ეს რიცხვები პლატფორმის მომხმარებელთა ბაზაში ცვლილების ინდიკატორი საერთოდ არ იყოს.
Facebook-ზე განთავსებული რეკლამების “რიჩი” (უნიკალური მნახველების რაოდენობა) ქვეყნის მოსახლეობის 76.6%-ს გაუთანაბრდა.
ასევე Meta-ს ინფორმაციით, წლის დასაწყისში Instagram-ს საქართველოში 1.65 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები კი ცხადყოფს, რომ Instagram-ზე განთავსებული რეკლამები საქართველოს მოსახლეობის 44.3%-ს მისწვდა.
Meta-ს ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე, საქართველოს მოსახლეობამდე რეკლამის პოტენციური მიღწევადობა, 26.9%-ით, ანუ 350 000 ანგარიშით გაიზარდა.
TikTok
TikTok-ზე მომხმარებლების სტატისტიკას თავად სოციალური ქსელის მფლობელი კომპანია ByteDance-ი აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ვიდეო პლატფორმას საქართველოში 18 წელს გადაცილებული 2.52 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
Datareportal-ი თავის სტატიაში Facebook Messenger-საც განიხილავს, რომელსაც, Meta-ს ინფორმაციით, საქართველოში 2.4 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. რაც შეეხება LinkedIn-ის, ამ პლატფორმაზე საქართველოდან 650 ათასი ანგარიში ფიქსირდება. კიდევ უფრო ნაკლებია ქართული ანგარიშების რაოდენობა X-ზე, იგივე Twitter-ზე, რომელიც 235 ათასს არ აღემატება.