მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta, TikTok, X, Discord - სენატი სოციალური ქსელების CEO-ების ჩვენებებს უსმენს

მეტა

Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-ს, TikTok-ის, Snapchat-ის, X/Twitter-ისა და Discord-ის აღმასრულებელი დირექტორები 31 იანვარს კონგრესის წინაშე წარდგნენ. სენატორები სოციალური ქსელების მფლობელებს მათ პლატფორმებზე არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შესახებ უსმენდნენ.

მოსმენა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო მშობლებისაგან ონლაინ სივრცეში ბავშვთა შევიწროების აღმოფხვრის მოთხოვნით წნეხის ქვეშ მოექცა. როგორც თავად კომიტეტის თავმჯდომარემ, დიკ დურბინმა განაცხადა, სენატი ყველანაირ ძალისხმევას ჩადებს “ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შავი ჭირის” დასამარცხებლად.

კონგრესის მიზანია, სოციალური მედიის კომპანიები აიძულოს, საკუთარ პლატფორმებზე განთავსებულ მასალებზე თავად აიღონ პასუხისმგებლობა და არასრულწლოვანი მომხმარებლების დასაცავად შესაბამისი პოლიტიკაც შეიმუშაონ. სოციალური ქსელების CEO-ების მოსმენა 4 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და, BBC-ის ინფორმაციით, მას მოხალისეობრივად მხოლოდ Meta-სა და TikTok-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, Snap-ის, X-ისა და Discord-ის ხელმძღვანელებმა კი ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს, რის გამოც მათ გამოძახების ოფიციალური უწყებები გადაეცათ.

TikTok-ის (რომელიც ჩინური კომპანია ByteDance-ის მფლობელობაშია) CEO-სთვის ბავშვთა დაცვის საკითხების გარდა კითხვები ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასაც ეხებოდა, შოუ ზი ჩიუმ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომხმარებელთა მონაცემებს TikTok-ი ჩინეთის ხელისუფლებას არ უზიარებს და არც თავად აქვს კავშირი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

მარკ ცუკერბერგმა სენატის სხდომაზე დამსწრე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელთა შორისაც სოციალური ქსელების მსხვერპლი არასრულწლოვნების მშობლებიც ისხდნენ, ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ Meta-ს პლატფორმებზე ბავშვთა დაცვის პოლიტიკის საკითხებს პირადად განიხილავს გუნდთან ერთად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები