პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირის წინააღმდეგ აშშ-ის 50%-იანი ტარიფების ამოქმედების ინიციატივა დროებით გადაავადა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამჟამად ტარიფების ამოქმედების ვადად 9 ივლისია განსაზღვრული, ნაცვლად აქამდე ნათქვამი 1-ელი ივნისისა, ანუ საქმე გვაქვს თითქმის ერთთვიან კორექციასთან.
ტარიფების გადავადება იმაზე მიუთითებს, რომ მხარეები მოლაპარაკების პროცესში არიან და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ 9 ივლისამდე აშშ და ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას შეძლებენ, რაც ორივე მხარის ეკონომიკაზე პოზიტიურად აისახება.
ცხადია, ამ სიახლის გავრცელება ინვესტორებმა და ტრეიდერებმა დადებითად მიიღეს. მართალია, ორშაბათს აშშ-ის საფონდო ბირჟა არ მუშაობდა, თუმცა დღევანდელ წინა სავაჭრო სესიაზე ძირითადი ინდექსების, ანუ S&P 500-ის, Nasdaq-ის და Dow Jones-ის შეფასება საშუალოდ 1.5%-ითაა გაზრდილი.
სიახლეს პოზიტიურად შეხვდნენ ევროპაშიც, რადგან ძირითადი ინდექსების, მათ შორის: Stoxx 600-ის, FTSE-ის, IBEX-ის და DAX-ის შეფასება საშუალოდ 2.5%-ით გაიზარდა.
საფონდო ბირჟის აღმასვლის ფონზე, ოქრო 1.5%-ითაა გაიაფებული და მისი ფასი უნციაზე ამჟამად 3,300 დოლარს შეადგენს.
სიახლეს თითქმის უცვლელად შეხვდა კრიპტოინდუსტრია, რადგან ბიტკოინის ფასი ისევ 110,000 დოლარის ფარგლებშია, ხოლო ეთერიუმი 2,600 დოლარად ივაჭრება.
ასევე, არ ყოფილა რყევები სანავთობო ბაზარზე, სადაც ბარელი Brent-ის ფასი 65 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI ისევ 61 დოლარად ივაჭრება.




























