მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მიმდინარეობს იმერეთში სასათბურე კლასტერის პროექტი? - თენგიზ ნასარიძის განმარტება

აგროზონა

„იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე კერძო სექტორის მხრიდან დაბალი დაინტერესებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ გასულ წელს სწორედ ამის გამო არ დაფიქსირდა პროგრამის ბიუჯეტის ათვისება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ სახელმწიფომ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით სცადოს ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური სათბურების განვითარება.

„იმერეთის აგრო ზონა არის საკითხი, რომელიც დამოკიდებულია კერძო სექტორის მიერ ინტერესის გამოხატვაზე. საუბარია კონკრეტული ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რომელზეც ჩვენს მიერ დაფუძნებული კომპანია - „იმერეთის აგრო ზონა“ უზრუნველყოფს შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, მიყვანას კომუნიკაციების, გზების და შემდგომში ამ ფართობზე უნდა მოხდეს მაღალტექნოლოგიური სასათბურე ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უკვე კერძო სექტორმა უნდა უზრუნველყოს. ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებები გაკეთებული, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვაზე პროცედურა, რომელზეც სამწუხაროდ არ იყო ისეთი დაინტერესება, რომ მომხდარიყო აქტიური ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამის გათვალისწინებით მეორედაც გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა 2023 წლის შემოდგომაზე, სადაც დავუშვით ალტერნატიული წინადადებების მიღების შესაძლებლობაც და ერთი ალტერნატიული წინადადება არის შემოსული, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მიმდინარეობს მისი დამუშავება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტში უნდა გაგვეთვალისწინებინა, თუ იქნებოდა პროცესი და კერძო სექტორისგან დაინტერესება, რომ მომხდარიყო პროექტის განვითარება. ვინაიდან არ მოხდა, მოგვიწია შეთავაზების მოდიფიცირება, ამან გამოიწვია შესაბამისი თანხების გაუხარჯველობა, რაც სხვა პრიორიტეტული მიმართულებით მიიმართა. წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, შედარებით ნაკლები თანხა ჩავდეთ, 2024 წლის ბიუჯეტში 1 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც გულისხმობს ამ პროცედურული საკითხების სრულყოფას, დამუშავებას და რაიმე ტიპის საპროექტო მომსახურების შესყიდვას, თუკი იქნება რეალური წინადადება. დავაკვირდებით სიტუაციას, თუ საჭიროება გახდება, შესაძლოა უფრო სხვა მიდგომებითაც შევეცადოთ ამ მიმართულების განვითარებას, რაც არის მაღალტექნოლოგიური სათბურების დაფუძნება ქვეყანაში და უკვე სახელმწიფომ სხვა მხარდამჭერი ღონისძიებებით შეიძლება სცადოს ამ სექტორის განვითარება“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები