მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მივუდგეთ ჩინეთს? - ჩეხეთის პრეზიდენტის მოსაზრება

645e936365250
ალა ისპირიანი
12.05.23 23:35
979
ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ ჩინეთი კონსტრუქციული მოთამაშე არ არის. მისი თქმით, ჩინეთის არაკონსტრუქციულობა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მისმა ქმედებებმა აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა. იგი ომში ჩართულ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებდა. ჩინეთის შეფასებით, რუს სამხედროებს უნდა მისცემოდათ იმ ტერიტორიების შენარჩუნების უფლება, რომელსაც აკონტროლებენ, უკრაინას კი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა.  გარდა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობისა, ჩინეთის მთავრობა გაეროს მოუწოდებდა, ცეცხლის შეწყვეტის პარალელურად დაუყოვნებლივ მოეხსნა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია და შეზღუდვა.

პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა გააკრიტიკეს პეკინი იმის გამო, რომ არ მოუწოდებს რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ. მისი მოსაზრებით, დემოკრატიულ სამყაროს ჩინეთის მიმართ ერთიანი მიდგომა სჭირდება.

„ვხედავთ, რომ ჩინეთის სტრატეგიული მიზნები არ არის თავსებადი ჩვენს მიზნებთან. ღირებულებები, რომელზეც ჩინეთის საზოგადოებაა აგებული, არ არის და არ იქნება ჩვენი ღირებულებები და თუ გვინდა, რომ ვიყოთ დაბალანსებული ჩინეთთან მიმართებაში, მაშინ გვჭირდება ერთობლივი მოქმედებები მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან.

ჩინეთი მოხარულია ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრით, ცხადია, ევროპის ქვეყნების გაყოფის ან ევროპის შეერთებული შტატებისგან გაყოფის ნებისმიერი შანსის გამო. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები