ავტორი: სალომე ზაალიშვილი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომლის თქმითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები სამუშაო ადგილებს ართმევენ ამერიკელებს, H-1B კატეგორიის ვიზის მოპოვების პროცესი გაართულა და ამასთანავე უფრო ძვირი გახადა. ხელოვნების სფერო რეგულარულად ასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ექსპერტთა თქმით ცვლილება ამერიკაში სპეციალისტთა დეფიციტს გამოიწვევს.
21 სექტემბრიდან, H-1B კატეგორიის ვიზაზე განაცხადის შეტანიდან 90 დღეში, დამსაქმებელმა თანამშრომლებს უნდა შეატყობინოს არსებული განაცხადების შესახებ და ასევე დაადასტუროს, რომ კომპანიამ ამერიკელი თანამშრომლების აყვანა სცადა სანამ საზღვარგარეთ დაიწყებდა რეკრუტინგს. დამსაქმებელმა ამ პროცედურასთან ერთად განაცხადის შეტანის საფასური უნდა გადაიხადოს 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, აქამდე ეს თანხა მხოლოდ 780 აშშ დოლარს შეადგენდა.
H-1B კატეგორიის ვიზა ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც ვიწრო სპეციალიზაცია აქვთ, ამერიკაში ამ ვიზით დასაქმებულთა უმრავლესობა ტექ. ინდუსტრიაშია დასაქმებული. ხელოვნების სექტორი მხოლოდ H-1B ვიზის მფლობელების 0.2%-ს მოიცავს. (მაგალითისთვის მელანია ტრამპი ამერიკაში სწორედ H-1B ვიზის წყალობით მოხვდა 1996 წელს, როგორც მოდელი).
მიუხედავად დაბალი პროცენტულობისა, ხელოვნების სფერო რეგულარულად ასაქმებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ამის მიზეზი საკვლევი მასალის - ხელოვანების, ეპოქების და მიმდინარეობების, ასევე ხელოვნების ნიმუშების შეფასების და გაყიდვის სპეციფიკაა. ნიუ იორკში არსებული ფირმის Patterson Belknap-ის ერთ-ერთი იურისტი, ანა-ლაურა ალეო, რომელიც ხელოვნების სამართლის მიმართულებით მუშაობს, განმარტავს, რომ “ვიზის ღირებულება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ნებისმიერი დაწესებულებისა თუ კომპანიისთვის, რომ დაასაქმონ ამერიკაში განათლება მიღებული უცხოელი სტუდენტები ან მოიწვიონ თანამშრომლები საზღვარგარეთიდან.”
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და სამუზეუმო კვლევის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი, ლიზა სტრონგი, ამბობს, რომ მას ცოტა ხნის წინ ჰყავდა „სტუდენტი, რომელიც ცდილობდა H-1B ვიზის მიღებას სმითსონის ინსტიტუტში სამუშაოდ, მაგრამ სმითსონის ინსტიტუტმა განაცხადის შეტანის საფასური ვერ გადაიხადა“. კანზასის უნივერსიტეტში, სამუზეუმო კვლევის პროგრამის დირექტორი, ენდრიუ დენინგიც ხედავს ცვლილებას, როგორც უცხოელი მუშაკების დაქირავების შემაფერხებელ ფაქტორს - „მე ვფიქრობ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მუზეუმებში და კვლევით ინსტიტუტებში დასაქმებულებს არ აქვთ მაღალი ხელფასები, 100,000 დოლარიანი გადასახადი ყველას შეაფერხებს, გარდა იმ ელიტური კანდიდატებისა, რომლებიც თვითონვე შეძლებენ საფასურის გადახდას“.
საიმიგრაციო იურისტი ცუი იე, რომელსაც ხელოვნების სფეროში დასაქმების მსურველებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს აღნიშნავს - “ცვლილებები უდავოდ შეამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას”.




























