მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვახვედროთ სტარტაპი 500 Global-ში? - ინტერვიუ პედრო ვიეირასთან

პედრო ვიეირა 500
სტატიაში საუბარია:

ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია რეგიონში, რაც, დიდწილად, საქართველოში გამოჩენილი გლობალური სტარტაპ-აქსელერატორის, 500Global-ის გამოჩენას უკავშირდება. ამ აქსელერატორმა, რომელსაც მსოფლიოში 2900-ზე მეტი სტარტაპი ჰყავს საკუთარ პორტფელში, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას რეგიონული მნიშვნელობა მიანიჭა, რაც დასტურდება 500 Georgia-ში მონაწილე უცხოური სტარტაპების რაოდენობით.

14 დეკემბერს, თბილისში 500 Georgia-ს რიგით მეხუთე დემო დღე გაიმართა, რომელზედაც აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები სიტყვით გამოვიდნენ. მაშ, როგორ ჩაიარა დემო დღემ და საერთოდ, რას სთავაზობს 500 Global-ი ქართულ სტარტაპებს და როგორ უნდა მოხვდეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სტარტაპ-აქსელერატორში? ეს და სხვა თემები BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში, TECH INFORM-ში 500 Global-ის პარტნიორთან, პედრო ვიეირასთან მიმოვიხილეთ.

- პედრო, ინტერვიუ ბოლო დემო დღის შეჯამებით დავიწყოთ. როგორ ჩაიარა ღონისძიებამ და რა ინდუსტრიებს წარმოადგენდნენ სტარტაპები, რომელთაც აქსელერაციის პროგრამა გაიარეს?

- მიხარია, რომ აქ ვარ. ამ ნაკადში ათი კომპანია იყო, სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან, ცხადია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ასევე აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. ისინი ბევრი მიმართულებით ოპერირებენ. ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე კომპანია გვყავდა, მაგრამ ისინი სხვადასხვა ინდუსტრიებს ემსახურებიან. ზოგი განათლების ტექნოლოგიებში ოპერირებს, ზოგიც - ლოიალობის პროგრამების მიმართულებით და ადამიანებს სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს. შრომის ბაზარზე ორიენტირებული კომპანიებიც გვყავს, რომლებიც დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის გადაწყვეტებს ქმნიან, რომელთა დახმარებით სამსახურის პოვნა უფრო სწრაფად შეიძლება. კომპანიები სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიიდანაც გვყავს და ჯანმრთელობის ციფრულ გადაწყვეტებსაც ვხვდებით. გვსურს, დივერსიფიცირებული პორტფელი გვქონდეს, როგორც გეოგრაფიულად, ასევე ინდუსტრიების მხრივ და ეს ათი კომპანია ამის კარგი მაგალითია.

- პედრო, საქართველოში 500 Global-ი თანამშრომლობს, როგორც ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ორგანიზაციასთან - “საქართველოს ბანკთან”, ასევე სახელმწიფოსთან - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, იგივე GITA-ს გავლით. რატომაა ეს პარტნიორობა უნიკალური?

- ქვეყანაში ან რეგიონში რომ შევდივართ, ვცდილობთ საჯარო და კერძო პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ და საქართველო ამ მიდგომის კიდევ ერთი მაგალითია. ამ შემთხვევაში, პარტნიორობა ძალიან მყარია და უკვე წლებია, რაც გრძელდება. იმედი გვაქვს, ეს მომავალ წლებშიც ასე იქნება.

ერთი მხრივ, GITA-ს გავლით, მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს თბილისში სააქსელერაციო პროგრამა ჩავატაროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე, დამფუძნებლების დარწმუნება და რეგიონის ქვეყნებიდან მათი საქართველოში ჩამოყვანა შეგვიძლია, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირებს, რაც ძალიან ღირებულია.

მეორე მხრივ კი კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ, როგორც “საქართველოს ბანკთან”, ასევე რამდენიმე ოჯახურ ფინანსურ კომპანიასთან. “საქართველოს ბანკი” დასაბამიდანვე ჩვენ გვერდით იყო და ამ თანამშრომლობაში მთავარი კერძო პარტნიორია, რომელიც გვეხმარება არამხოლოდ კაპიტალით, რომელსაც სტარტაპებში ვაბანდებთ, არამედ ბრენდის ცნობადობის ამაღლების, მედიასთან კომუნიკაციისა და კომუნის ჩამოყალიბების კუთხით. ის, რასაც ბანკი აკეთებს, ყოველგვარ მოლოდინს სცდება, ანუ ისინი გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ კონტენტისა და კომუნის კუთხით, ვიდრე ეს პარტნიორობით იყო გათვალისწინებული. სიამაყით ვივსებით, რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და იმედი გვაქვს, ის მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- რა განსხვავებები არსებობს GITA-ს საგრანტო პროგრამას და 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამას შორის?

- ისინი ტანდემში მუშაობს. საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, GITA-ს საგრანტო პროგრამა ქვეყანას საშუალებას აძლევს ბიძგი მეწარმეობის განვითარების ადრეულ სტადიაზე შექმნას. ის გათვლილია კომპანიებზე, რომლებიც ახლა იწყებენ და დამფუძნებლებზე, რომლებიც არკვევენ, მათი იდეა კომერციულად საინტერესოა თუ - არა. მნიშვნელოვანია, ძაბრის ზედა ნაწილში დიდი ტრაფიკი შევქმნათ, ანუ ბევრი სტარტაპი შეიქმნას, რომელთა გარკვეული ნაწილი წარმატებულ პროდუქტსა და ბიზნესს შექმნის. ეს კომპანიები, როგორც წესი, მიმზიდველი ხდება ჩვენთვის, ასე რომ ეს ორი პროგრამა ერთმანეთს ავსებს. იმედი გვაქვს, რომ ეს სინერგიული ეფექტი მომავალშიც გაგრძელდება.

- რა პროცესი უნდა გაიაროს სტარტაპმა, რათა 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოხვდეს?

ამისთვის ბევრი გზა არსებობს. ყველაზე მარტივია აპლიკაცია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გამოგზავნოთ. განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ, ანუ აპლიკაციის გამოგზავნა ნებისმიერ დროს შეიძლება, მიუხედავად იმისა, ნაკადი უკვე მივიღეთ თუ ჯერ - არა, რადგან აპლიკაციებს ცოცხალ რეჟიმში ვაკვირდებით. ეს ყველაზე მარტივი გზაა, რადგან 500 Georgia-ს თუ დაგუგლავთ, პირველ რიგში ჩვენს ვებგვერდს ამოგიგდებთ…

არსებობს მოხვედრის კიდევ ერთი, არაფორმალური გზა, როგორც პირადად ჩემი, ასევე ჩვენი მენტორებისა და გუნდის წევრების გავლით. ეს გზა, როგორც წესი, ინვესტორებს ურჩევნიათ, რადგან ასე დამფუძნებლის გაცნობა უფრო სასიამოვნოა, რადგან ამ კომპანიებმა ჩვენს ქსელში ვიღაც უკვე გაიცნეს, რასაც ასევე ვაკვირდებით ამავე ქსელების გავლით.

- რა არის ის მოთხოვნები, რომლებსაც სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს, 500-ში რომ მოხვდეს?

- ინვესტიციას Pre-Seed და Seed-სტადიაზე მყოფ კომპანიებში ვაბანდებთ, რაც ნიშნავს, რომ ვაკვირდებით სტარტაპებს, რომელთაც აქვთ პროდუქტი. შეიძლება პროტოტიპი იყოს, მაგრამ ფუნქციური პროტოტიპი უნდა იყოს. იდეალურ ვარიანტში, კომპანია მის გაყიდვას უნდა ცდილობდეს ან მომხმარებლები ჰყავდეს. გამონაკლისებიც გვაქვს, როცა კომპანიებს შემოსავალი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ, როგორც წესი, ისეთი კომპანიების ხილვა გვსურს, რომლებიც შემოსავალს აგენერირებენ. ეს ერთი პარამეტრია - გვსურს ვნახოთ პროდუქტი და პროტოტიპი, რადგან იდეასა და PowerPoint-ში ფულს არ ვდებთ.

პროდუქტთან ერთად, სხვა დეტალებსაც ვაკვირდებით, მათ შორის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობას, ანუ აგვარებს თუ არა კომპანია ჭეშმარიტად ღირებულ პრობლემას. ამისთვის, ვაკვირდებით, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიოში და რამდენის გადახდა სურთ მის მოსაგვარებლად. თუ ამ ორი რიცხვის ნამრავლი დიდია, ესე იგი, ის ინვესტიციად ღირს.

ცხადია, დამფუძნებლებსაც ვაკვირდებით, რათა დავადგინოთ, ეწყობიან თუ არა ისინი ბაზარს, ანუ შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა? ვიცით, რომ პროდუქტი, შესაძლოა განვითარდეს და ბაზარი, ისევე, როგორც სხვა პარამეტრები შეიცვალოს, ასე რომ მნიშვნელოვანია, დამფუძნებლები ინდუსტრიას იცნობდნენ და ცვლილებებს მოერგონ. ეს არის ის სამი დეტალი, რომელსაც ვაკვირდებით, ხოლო შემდეგ დამფუძნებლებს ვესაუბრებით და მათ რიცხვებსა და ტექნოლოგიას ვსწავლობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბაზრის ზომამდე, დამფუძნებლების სიძლიერეზე და პროექტამდე დადის. კომპანიების შეფასებისას, სწორედ ამ ფაქტორებს ვაკვირდებით.

- პედრო, დავუშვათ, რომ კომპანია ყველა ზემოხსენებულ პირობას აკმაყოფილებს და 500 Georgia-ში მოხვდა. რა ხდება შემდეგ, რას გულისხმობს აქსელერაციის პროგრამა და რაზე კონცენტრირდებით ამ დროის განმავლობაში?

- აპლიკაციების პროცესის დასრულების შემდეგ და პროგრამის დაწყებამდე, შერჩევის პროცესი გვაქვს. ასობით აპლიკაცია შემოგვდის, როცა 10-15 თავისუფალი ადგილი გვაქვს. შერჩევის პროცესი ბევრ რამეს გულისხმობს, მათ შორის გასაუბრებას და ფინანსური მაჩვენებლების ანალიტიკას. მას შემდეგ, რაც კომპანია ჩვენი პროგრამისა და ინვესტიციისთვის შეირჩევა, პროგრამას ვიწყებთ, რომელიც სამი თვე გრძელდება და შექმნილია ჰიბრიდულად, ანუ რამდენიმე კვირა ფიზიკურად იმართება, რამდენიმე კი - დისტანციურად. ეს შექმნილია იმისთვის, რომ დამფუძნებლები რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღოთ და თან, მათ თანამშრომლების ადგილმდებარეობის შეცვლა არ დასჭირდეთ, სულ მცირე დასაწყისში.

პროგრამას რომ ვიწყებთ, ორი კვირა ფიზიკურად ვმუშაობთ და დამფუძნებლებს კომპანიის ზრდისთვის აუცილებელ ფაქტორებს ვასწავლით, მათ შორის მომხმარებლისა და ბიზნესის განვითარებას და მარკეტინგს. ისინი ამ ცოდნას იღებენ და საოპერაციო ცენტრებში ბრუნდებიან, სადაც ჩვენი მენტორებისგან და უშუალოდ ჩემგან მუდმივ მხარდაჭერას იღებენ. მათთან ერთად ზრდის ექსპერიმენტებს ვატარებთ, ანუ ბევრ რამეს ვაკეთებთ ბევრი მიმართულებით, რათა გავიგოთ, თუ რა გაზრდის კომპანიას ყველაზე მეტად. როგორც კი ასეთ დეტალს აღმოვაჩენთ, დამფუძნებლები მათ ბიზნესის სხვა ასპექტებშიც ნერგავენ.

ექსპერიმენტების ორი თვის შემდეგ, დამფუძნებლები გვიბრუნდებიან და მათთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვმუშაობთ და დემო დღისთვის ვამზადებთ. სამთვიან პროგრამას დემო დღით ვამთავრებთ, რადგან მნიშვნელოვანია ისინი მეტად გამოვაჩინოთ და ინვესტორებსა და კლიენტებს გავაცნოთ, მაგრამ ეს ორი კვირა ეთმობა, როგორც ამ დღისთვის მომზადებას, არამედ მათ პროგრამის შემდგომი ცხოვრებისთვის, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, ანუ ადრეული ინვესტორისთვის. ვასწავლით, როგორ და სად მოიძიონ კაპიტალი, როგორ ესაუბრონ და ევაჭრონ ინვესტორს.

აი, ასე მთავრდება სამთვიანი პროგრამა, მაგრამ ჩვენი გუნდი კომპანიებს დემო დღის შემდეგაც ეხმარება, როგორც კაპიტალის მოძიების, ასევე გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით, რათა ჩვენი პროგრამით მიღებულმა ბიძგმა დიდხანს გასტანოს.

- პედრო, 500 Global-ი ერთ-ერთი გლობალური ლიდერია სტარტაპების აქსელერაციის კუთხით. მოდი, ეს შედეგი რიცხვებში განვიხილოთ…

- 500 Global-ი ნამდვილი საინვესტიციო გიგანტია, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ, სილიკონის ველზე დაფუძნდა, როგორც საინვესტიციო ფონდი, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე, ანუ Pre-Seed და Seed-სტადიებში მყოფ კომპანიებში ინვესტირებს. თუმცა ახლა, ის მრავალმხრივ საინვესტიციო კომპანიად გარდაიქმნა, ანუ ვფლობთ ფონდებს, რომლებიც ყველა ეტაპზე მყოფ კომპანიაში ინვესტირებს. $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივებს ვმართავთ, პორტფელში სამი ათასამდე კომპანია და ხუთი ათასზე მეტი დამფუძნებელი გვყავს. ჩვენი საინვესტიციო ნაკვალევი ოთხმოც ქვეყანას ფარავს და გვახარებს, რომ კავკასია და ცენტრალური აზია ამ მხრივ დიდ როლს ასრულებს.

35-მდე უნიქორნი გვყავს და მათი ნახევარი - ამერიკის გარეთ დაფუძნდა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ განვითარებად ბაზრებზე ზრდის დიდი პოტენციალია. ასე არის საქართველოშიც.

- მრავალი წლის განმავლობაში, 500-ის სააქსელერაციო პროგრამა ძალიან ბევრმა უკვე ძალიან დიდმა სტარტაპმა გაიარა. პედრო, რომელიმე კომპანიის წარმატების ისტორიას ხომ ვერ გაგვიზიარებთ?

- განვითარებად ბაზრებზე რამდენიმე კომპანია გვყავს, რომლებიც სააქსელერაციო პროგრამაში გავატარეთ და უნიქორნად, ზოგჯერ კი - დეკაქორნად ვაქციეთ. სიმართლე გითხრათ, კომპანიების ამორჩევა არ გვიყვარს, რადგან, როგორც გითხარით 35-მდე უნიქორნი გვყავს, მაგრამ ჩვენი საინვესტიციო ოჯახის პროგრამა ბევრმა ძალიან ცნობილმა კომპანიამ გაიარა, მათ შორის, მაგალითად, Canva-მაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები