მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოვიყვანოთ ბიოპროდუქტები? - რუისპირის მეურნეობაში შვეიცარიელი სპეციალისტის სემინარები იწყება

6067313987147
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 20:30
1241
რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მეწარმე გიორგი ალადაშვილი დაინტერესებული პირებისთვის ბიოდინამიური მეურნეობის წარმოების შემსწავლელ სემინარებს იწყებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას მეწარმე განმარტავს, საწყის ეტაპზე მის მეურნეობაში ერთდღიანი სემინარები სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა ბიოპროდუქტების მოყვანის შესახებ გაიმართება. გიორგი ალადაშვილი თავის დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს:

„ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს იმისთვის, რომ მიიღოს ინფორმაცია ვენახის წამლობის, მოვლის, ვაზის დარგვის დეტალებზე, ამიტომ შვეიცარიიდან ჩვენთან ჩამოვიდა სპეციალისტი, მევენახე-მეღვინე - დორიან ამარი, რომელიც 1 წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში და თავის დროს ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადამზადებას დაუთმობს. მას მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით რამდენიმე წიგნი აქვს გამოცემული, რომელიც სწავლების პროცესში იქნება გამოყენებული.

პირველი სემინარი 15 აპრილს ჩატარდება და მასში ჩართვა ყველა იმ ადამიანს შეეძლება, ვინც სოფლის მეურნეობის დარგში საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებით არის დაინტერესებული, იქნებიან დარგში დასაქმებული პირები, სტუდენტები თუ სხვა. როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებლებს და დაავადებებს ეკოლოგიურად სუფთა - ბიოლოგიური მეთოდებით; როგორ შეგვიძლია მივაღწიოთ იმ შედეგამდე რომ ქართული პროდუქტი იყოს ეკოლოგიურად სუფთა - ეს ის საკითხებია, რომელიც სემინარებზე იქნება მიმოხილული“, - განმარტავს გიორგი ალადაშვილი.

მისი თქმით, სემინარები სოფლის მეურნეობის კალენდრის მიხედვით, ჩასატარებელ სამუშაოებს შეეხება და ერთდღიანი სემინარის ღირებულება 150 ლარი იქნება. ამასთან იმისთვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ თავის მეურნეობის წარმოება მათ სულ მცირე 4 სემინარის გავლა მაინც მოუწევთ.

ის სემინარების მიმართ დიდი დაინტერესების შემთხვევაში ბიო-მეურნეობის წარმოების კურსების ამოქმედებასაც აანონსებს.

„ძალიან დიდ გამოხმაურებას ველით და თუ ამ კონკრეტული პროექტის მიმართ დიდი ინტერესი იქნება, მაშინ შემდგომში დამატებით პროფესორ-მასწავლებლებსაც საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან ჩამოვიყვანთ, რომლებიც უკვე 3-კვირიან, 3-თვიან, 6-თვიან და 1-წლიან კურსებს გაუძღვებიან“, - აღნიშნა ბიოდინამიური მეურნეობის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ კურსების შემთხვევაში მეურნეობაში გაჩერების ხანგრძლივობა და თავად კურსების ღირებულება განსხვავებული იქნება.

„კარგი იქნება თუ მთავრობა გამოეხმაურებოდა ამ წამოწყებას და მხარს დაუჭერს, რადგან ასეთი პროექტები უფრო მეტად შედეგიანია, ვიდრე დაფინანსებული ტრენინგები და სემინარები, რომლებსაც შედეგი არ აქვთ“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ალადაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები