ყოველდღიურ ცხოვრებაში სმარტფონი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, რომელმაც ბოლო დროს ნაღდი ფული და პლასტიკური ბარათიც ჩაანაცვლა. Apple Pay-სა და Google Pay-ს დახმარებით ტრანზაქციის განხორციელება ღილაკზე ერთი თითის დაჭერითაა შესაძლებელი და, რაც მთავარია, ეს ტექნოლოგია მაშინაც კი მუშაობს, როდესაც ტელეფონს ინტერნეტთან არ აქვს წვდომა.
Apple Pay-სა და Google Pay-ს შორის შინაარსობრივად ფაქტობრივად არ არსებობს განსხვავება, ორივე სერვისი ერთნაირი პრინციპით მუშაობს და ორივე მათგან ულიმიტო რაოდენობით ბარათების და დოკუმენტების შენახვის საშუალებას იძლევა.
ამ სერვისების მიღმა მარტივი ტექნოლოგია - NFC დგას, რომელიც ინფორმაციის გადასაცემად ჩიპებს და რადიოტალღებს იყენებს. ორი ჩიპის ერთმანეთთან მიახლოება ინფორმაციის გაცვლის და ტრანზაქციის გატარების საშუალებას იძლევა.
პლასტიკური ბარათის ჩიპისგან განსხვავებით, NFC ჩიპი უნივერსალურია და მას რამდენიმე ბანკის ბარათის ინფორმაციის შენახვა ერთდროულად შეუძლია. გარდა ამისა, საბანკო ბარათებთან ერთად, ციფრულ საფულეში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მართვის მოწმობის, კოვიდპასპორტის და სხვა ნებისმიერი სახის დოკუმენტის შენახვაა შესაძლებელი.