მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთში Apple Pay და Google Pay ამოქმედდა

wallet

უზბეკეთში Apple Pay-სა და Google Pay-ს მომსახურება ამოქმედდა. ეს გადაწყვეტილება იმ მარეგულირებელ რეფორმებს მოჰყვა, რომლებიც ქვეყნის ფინანსური სერვისების ბაზრის საერთაშორისო ტექნოლოგიური პროვაიდერებისთვის გახსნას ისახავს მიზნად.

Euronews-ისთვის მიცემულ წერილობით პასუხში უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურა, რომ მუშაობა მიმდინარეობს ამ სერვისების ადგილობრივ საგადახდო ქსელებზე - Uzcard-სა და HUMO-ზე გასავრცელებლად, თუმცა კონკრეტული ვადები ჯერჯერობით არ სახელდება.

ადგილობრივი ბარათებისთვის ორივე სერვისის ხელმისაწვდომობის შესახებ 27 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საიდა მირზიოევამ განაცხადა. ერთი თვით ადრე ის ნიუ-იორკში Google-ის ვიცე-პრეზიდენტ კარან ბჰატიას შეხვდა, სადაც ტექნოლოგიური თანამშრომლობა და უზბეკეთში საერთაშორისო საგადახდო სერვისების ოპერირების პირობები განიხილეს.

უზბეკეთში მობილური და უკონტაქტო გადახდები უკვე ხელმისაწვდომი იყო ადგილობრივი სერვისებით, როგორიცაა HUMO Pay და UZCARD PAY, ასევე QR კოდით გადახდის სისტემებით.

Apple Pay-სა და Google Pay-ს დანერგვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მხოლოდ ადგილობრივ გადაწყვეტებზე დამოკიდებულების ნაცვლად, საერთაშორისო პლატფორმებით ისარგებლონ.

საწყის ეტაპზე Apple Pay რვა, Google Pay კი 9 ადგილობრივი ბანკისა და საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ Visa-სა და Mastercard-ის ბარათებს უჭერს მხარს. მათ შორის TBC ბანკიცაა.

ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ ორივე სერვისი ტრანზაქციების დროს საიმედოდ იცავს ბარათის მონაცემებს, ხოლო ქეშბექი და სხვა ბენეფიტები ინდივიდუალური ბანკების პირობებზეა დამოკიდებული.

სერვისების ამოქმედებას წინ 2026 წლის მარტში უზბეკეთის პერსონალურ მონაცემთა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები უძღოდა, რომლებმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გარკვეული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვაზე შეზღუდვები შეამსუბუქა.

სექტემბერში Google-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრისას მირზიოევამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები საერთაშორისო საგადახდო სისტემების შემოსვლას პირდაპირ დაუკავშირა:

"შედეგად, უზბეკეთში საერთაშორისო საგადახდო სისტემების შეუფერხებელი გამოყენებისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები იხსნება", - განაცხადა მან.

სექტემბრის მოლაპარაკებები ასევე შეეხო Google-თან თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების ტრენინგებისა და ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები