მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს FoxPrep.ai - პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს მაღალი ქულის აღებაში ეხმარება

ai

მიმდინარე წლის მაისიდან ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას ახალი პლატფორმა შეუერთდა, რომელიც აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულის აღებაში ეხმარება. FoxPrep.ai ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი პლატფორმაა, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამას, ამ დროისთვის, 3 საგანში აერთიანებს. FoxPrep.ai-ის შექმნის იდეასა და მიზნებზე BM.GE მის თანადამფუძნებლებს, თორნიკე და ირაკლი ფხოველიშვილებს ესაუბრა.

"FoxPrep-ი არის გამოცდებში მომზადების ჭკვიანი პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს მაღალი ქულის მიღებაში ეხმარება. პლატფორმის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩემს გუნდელს მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის მომზადება მოუწია. აღმოვაჩინეთ, რომ ამ ტიპის ნიშური გამოცდებისთვის თითქმის არ არსებობს მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სასწავლო მასალა. სწორედ ამან გვიბიძგა შეგვექმნა პლატფორმა, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ, მარტივად და ხარისხიანად მოემზადონ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გამოცდისთვის. ამჟამად ვკონცენტრირდებით ქართულ ბაზარზე და კონკრეტულად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა გაფართოების მასშტაბური გეგმები გვაქვს.

პლატფორმის სატესტო ვერსია 2025 წლის მაისში გავუშვით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ისტორიის საგანი იყო ხელმისაწვდომი და გამოცდებამდე ერთი თვე იყო დარჩენილი, 2 000-მდე მომხმარებელი გვყავდა, რომლებმაც ჯამში 200 000-ზე მეტ კითხვას უპასუხეს. ამან დაგვარწმუნა, რომ მსგავსი პროდუქტის მოთხოვნა ბაზარზე დიდია. გამოცდების დასრულების შემდეგ ჩავატარეთ მცირედი გამოკითხვა ჩვენს აქტიურ მომხმარებლებთან და საშუალო ქულა ისტორიაში 60-დან 51 იყო, რაც ძალიან მაგარი შედეგია", - აღნიშნავს FoxPrep-ის დამფუძნებელი თორნიკე ფხოველიშვილი.

დღესდღეობით პლატფორმა აბიტურიენტებსა და რეპეტიტორებს არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციონალს სთავაზობს:

  • ულიმიტო რაოდენობის სავარჯიშოებს, რომლებიც ზუსტად იმ ფორმატისაა, როგორიც გამოცდებზე გვხვდება;
  • ღია კითხვების მყისიერ შემოწმებას ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
  • ყველა კითხვას ახლავს დამატებითი კონტექსტი, რაც მოსწავლეს მასალის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება.
  • პირად ანალიტიკას, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ზუსტად დაინახოს, რომელ თემებში აქვს ჩავარდნები.
  • მხოლოდ იმ საკითხებზე ან სავარჯიშოებზე ვარჯიში, რომლებიც მოსწავლეს სურს ან სუსტი მხარეა.

კითხვაზე, რამდენად ანაცვლებს FoxPrep.ai გამოცდებისთვის მომზადების ტრადიციულ მეთოდებს, ირაკლი ფხოველიშვილი განმარტავს, რომ პლატფორმა დამატებითი ხელსაწყო უფროა, რომელიც სასწავლო პროცესს აძლიერებს.

"FoxPrep-ი, უპირველეს ყოვლისა, დამხმარე ინსტრუმენტია და არა მასწავლებლების ან სახელმძღვანელოების შემცვლელი. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, მარტივად შეამოწმონ ცოდნა, ივარჯიშონ და გაიგონ რა ასპექტებს უნდა დაუთმონ მეტი დრო. პლატფორმა არის პრაქტიკული და ეფექტური საშუალება, რომელიც აძლიერებს არსებულ სასწავლო პროცესს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ვინც დამოუკიდებლად ემზადება მათთვის ჩვენი პლატფორმა განსაკუთრებულად საინტერესოა და ეს წინასაგამოცდო პერიოდმაც აჩვენა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ მასწავლებლებთანაც. ამისთვის, უახლოეს მომავალში ფუნქციონალს დავამატებთ, რომელიც პედაგოგებს საშუალებას მისცემს, მართონ საკუთარი მოსწავლეების ჯგუფები და აკონტროლონ მათი შედეგები", - ამბობს ირაკლი ფხოველიშვილი.

FoxPrep.ai მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ საგანში პირველი ტესტი უფასოდ გააკეთოს. ულიმიტო წვდომის თვიური სააბონენტო ღირებულება კი 15 ლარია: "ვინაიდან მოსწავლეები, როგორც წესი, ერთდროულად ემზადებიან სამ საგანში, მათ ერთი საგნის მომზადება ჩვენს პლატფორმაზე თვეში 5 ლარი უჯდებათ".

AI სტარტაპი დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით შეიქმნა. დამფუძნებლები ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებენ, თუმცა თორნიკე ფხოველიშვილი აღნიშნავს, რომ მთავარი რესურსი პლატფორმისთვის დახარჯული დრო უფრო იყო.

"რადგან ტექნოლოგიური სტარტაპი ვართ და პროდუქტს ჩვენით ვქმნით, დიდი კაპიტალის საჭიროება არ გვქონია. თუმცა პირადი სახსრები მაინც დაგვჭირდა ტექნოლოგიებში, კონსულტაციებში და სხვა ხარჯებში, ყველაზე დიდი ინვესტიცია მაინც გუნდის წევრების მიერ ჩადებული ასობით დახარჯული საათია", - ამბობს ის.

როგორც სტარტაპერები აღნიშნავენ, FoxPrep.ai-ს წინასაგამოცდო პერიოდში 2 000-ზე მეტი რეგისტრირებული, მათ შორის 400-მდე პრემიუმ მომხმარებელი ჰყავდა. ერთი კვირის წინ გუნდმა პლატფორმის განახლებული ვერსიაც ჩაუშვა, რომელმაც რამდენიმე დღეში 800 მომხმარებელი მოიზიდა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას FoxPrep.ai-ს დამფუძნებლები BM.GE-სთან ამბობენ, რომ მათი მიზანია საერთაშორისო ასპარეზზე გავიდნენ და პლატფორმამ მსურველებს ყველა მნიშვნელოვან გამოცდაში მომზადების შესაძლებლობა მისცეს. სტარტაპის მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყნის გარეთ გავიდეს და ამ მიზნით, ბრაზილიის ბაზარზე პირველ ნაბიჯებზე უკვე მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები