ბოლო წლებში, მსოფლიოში ორი ტენდენცია გამოიკვეთა, ესენია: ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარება და ბევრ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება. ეს ორი ცნება, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავია, რადგან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ადამიანები სწორედ ინტერნეტს და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებენ, ხოლო ავტორიტარული ხელისუფლებები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ინტერნეტი და ინტერნეტში არსებული სოციალური ქსელები და ვებგვერდები საკუთარ ხელებში ჩაიგდონ.
ტოტალური სახელმწიფო კონტროლის წინააღმდეგ, ტექნოლოგიურმა ენთუზიასტებმა ვირტუალური კერძო ქსელები, ე.წ. VPN-ები შექმნეს - სერვისი, რომელიც ადამიანის მოწყობილობას და ინტერნეტს შორის დაცულ და დაშიფრულ კავშირს ქმნის. წარმოიდგინეთ, რომ VPN ინტერნეტში არსებული ერთგვარი გვირაბია, რომელიც ადამიანს დანიშნულების წერტილს აკავშირებს, ხოლო პროცესში მის პირად მონაცემებსაც უფრთხილდება.
იმ დროს, როცა ადამიანი VPN-ის ქსელს უერთდება, ინტერნეტის კავშირი დაშიფრული ხდება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი გზავნის, სპეციალური კოდით იშიფრება, რომლის გასაღები მხოლოდ VPN-ის სერვერს და მომხმარებელს აქვთ. ამგვარად, ამ კოდის გატეხა და ინფორმაციის წაკითხვა, ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც დიქტატორულ რეჟიმებს განსაკუთრებით არ მოსწონთ.
ინტერნეტის დაშიფრული ტრაფიკი, რომელსაც VPN-ის მომხმარებელი იყენებს, VPN-ის სერვერში გადის, რომელიც მომხმარებელსა და ინტერნეტს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციას ასრულებს. ასეთი სერვერი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ფუნქციონირებდეს და ქვეყანა, რომელსაც VPN-ის მომხმარებელი ირჩევს, სწორედ დატაცენტრის ადგილმდებარეობას აღნიშნავს.
გამომდინარე იქიდან, რომ VPN მომხმარებლებს ფაქტობრივად სრულ თავისუფლებას ანიჭებს, ამ სერვისს მხოლოდ დიქტატორული რეჟიმის მოწინააღმდეგეები როდი იყენებენ. პირიქით, VPN ისეთივე პოპულარულია კრიმინალებში, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებში, რაც ამ ტექნოლოგიის გამოყენებასთან მიმართებით არაერთ ეთიკურ კითხვას აჩენს.