საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "მზიური ჰოლდინგის" განცხადებით, 2025 წელს კომპანიის რეალიზაციამ ₾104 მილიონი, მოგების მარჟამ კი 2.4% შეადგინა - ამის შესახებ "მზიურის" დირექტორმა ლაშა გოცირიძემ პარლამენტში, ე.წ. "ფასების კომისიის" სხდომაზე ისაუბრა.
"2025 წლის მაჩვენებლები ჯერ არ არის აუდიტირებული, დაახლოებით ₾104 მლნ-ის რეალიზაცია გვაქვს 2025 წელს დღგ-ის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები დაზუსტდება აუდიტის შედეგად, მაგრამ დასამალი არ არის. მთლიანობაში, დისტრიბუციის შედეგად, წლის ფარგლებში ჩვენი მოგება გავიდა 2.4%-ზე.
რაც შეეხება "ქეშბექებს", განსხვავდება "ქეშბექის" პარამეტრი, პროდუქციის სახეობის მიხედვით, ჩვენ შემთხვევაში, "ქეშბექი", პრომოები - ყველა ეს აქტივობა - 2025 წელს გამოგვივიდა საშუალოდ 21%", - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
"მზიურის" დირექტორმა ხარჯებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია ხარჯების ოპტიმიზაციაზე.
"პირდაპირ დისტრიბუციას ვეწევით, რაც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც გამოიხატება იმაში, რომ გვაქვს ჩვენი სასაწყობე მეურნეობა და იჯარის ხარჯი არ გვაქვს. დაახლოებით 7 000 მ²-ზე მეტი გვაქვს სასაწყობე ფართი და კიდევ ვავითარებთ; მათ შორის სამაცივრე მეურნეობაა 700 მ²-ზე და პერიოდულად იზრდება; გვაქვს ავტოპარკი რომელიც მუდმივად ახლდება, გვაქვს საწყობის და მარაგების მართვის სისტემები და ა.შ. ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენი ჩამოწერები - ვადაგასული და დაზიანებული პროდუქცია - საშუალოდ, 1.5%-ს შეადგენს.
2025 წლის მონაცემებით, ჩვენი სასესხო ვალდებულება ₾35 მილიონზე ნაკლებია. გაიზარდა საკუთარი კაპიტალიც და გაუმჯობესდა კაპიტალის სესხთან პროპორცია 63%-მდე. ჩვენი ოპერირების ხარჯი არის დაახლოებით 19%, საიდანაც 3.3% უკავია ფინანსურ ხარჯებს. ფინანსური ხარჯების შემცირება პროპორციულად შეამცირებს ჩვენს საოპერაციო ხარჯებსაც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, და თუ ამის გაუმჯობესების საშუალება იქნება, მადლობელი ვიქნებით", - განმარტავს ლაშა გოცირიძე.
კომპანია "მზიური" საქართველოში 2004 წლიდან ოპერირებს და 1600-მდე დასახელების პროდუქტის იმპორტს ეწევა ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნებიდან.
კომპანიის ასორტიმენტშია: ზეთი, (მათ შორის "ოლეინა" რომლის ექსკლუზიური შემომტანიც თავად არის), ყავა, ჩაი, ბაკალეა, რძის პროდუქტები და სხვა.
დირექტორის განმარტებით, კომპანია დღეს 7 000-მდე ობიექტს ამარაგებს პროდუქტით, მათი 2/3 საცალო გაყიდვების ქსელებზე, 1/3 კი ტრადიციული ტიპის, ე.წ. უბნის მაღაზიებზე მოდის.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.




























