მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში - PMCG-ის მიმოხილვა

600ef513b6b9e
BM.GE
25.01.21 22:37
964
საერთაშორისო რეიტინგები მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის პროგრესის შესაფასებლად სხვადასხვა სფეროებში. PMCG მიმოიხილავს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს ბოლო წლებში და მათ დინამიკას ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით; და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი) ადარებს.

მსოფლიო ბანკი - მმართველობის ინდიკატორები
მსოფლიო ბანკი 1996 წლიდან აფასებს მმართველობის ინდიკატორებს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მონაცემები აერთიანებს კერძო სექტორის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და საზოგადოების შეხედულებებს. ქვეყნების შეფასება ხდება 6 ინდიკატორით, რომლებიც მოიცავს ბიუროკრატიის ეფექტურობას, კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ძალადობის / ტერორიზმის არარსებობას, გამოხატვის უფლებას და ანგარიშვალდებულებას და რეგულირების ხარისხს.

2019 წელს ბიუროკრატიის ეფექტურობით საქართველო 77-ე პროცენტილში მოხვდა (ილუსტრაციისთვის, 77 პროცენტილი ნიშნავს, რომ ქვეყანა დანარჩენი ქვეყნების 77%-ზე უკეთესად მოქმედებს), რაც 3 პუნქტით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსმა ქვეყანამ (გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანისა) გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ 2016-2019 წლებში მოლდოვის, ბელარუსის და უკრაინის მაჩვენებლები 8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაჩვენებლით საქართველო ახლოსაა ბელგიასთან (80-ე პროცენტილი), ჩეხეთთან (78-ე) და პოლონეთთან (73-ე).

2019 წელს, კანონის უზენაესობის მონაცემებით საქართველო 62-ე პროცენტილში მოხვდა, რაც 2 პუნქტით გაუარესებაა 2018 წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი შედეგები აქვს ამ მაჩვენებელშიც.

2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ (გარდა საქართველოსა და სომხეთისა) გააუმჯობესა თავისი მაჩვენებლები, წინა წელთან შედარებით. აღსანიშნავია მოლდოვას პროგრესი, რომელმაც 2016-2019 წლებში 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 41-ე პროცენტილში მოხვდა.

შედარებისთვის, 2019 წლის მაჩვენებლით საქართველო ახლოსაა საბერძნეთის (61-ე პროცენტილი), ხორვატიის (65-ე) და პოლონეთის (63-ე) მაჩვენებლებთან.

2019 წელს გამოხატვის უფლებით და ანგარიშვალდებულებით საქართველო 53-ე პროცენტილში მოხვდა. აღნიშნული 4 პუნქტით გაუარესებაა 2018 წელთან შედარებით. 2016-2019 წლებში, საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩეოდა.

2019 წელს პოლიტიკური სტაბილურობისა და ტერორიზმის არარსებობით საქართველო 29-ე პროცენტილში მოხვდა, რაც 1 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია 2018 წელთან შედარებით. 2016-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 34 პროცენტილიდანდან 29 პროცენტილამდე შემცირდა.

2019 წელს რეგულირების ხარისხით საქართველო 83-ე პროცენტილში მოხვდა, რაც 2018 წლის მაჩვენებლის იდენტურია. 2016-2019 წლების პერიოდში ეს მაჩვენებელი თითქმის არ იცვლებოდა და 82-დან 83-ე პროცენტილამდე გაიზარდა.

2019 წელს კორუფციის კონტროლისთვის საქართველო 74-ე პროცენტილში მოხვდა, რაც 2 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია 2018 წელთან შედარებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ამ მაჩვენებელშიც უფრო მაღალია.

სომხეთი ამჟამად პროგრესირებს და პიკს მიაღწია 2019 წელს, 50-ე პროცენტილში მოხვედრით. მიუხედავად 2019 წელს 8 პროცენტული პუნქტით გაზრდისა, 2018 წელთან შედარებით, უკრაინის მაჩვენებლები კვლავ ძალიან დაბალი დარჩა და 26-ე პროცენტილში მოხვდა.

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებისთვის, 2019 წლის მაჩვენებლით საქართველოს მსგავსია კვიპროსის (72-ე), ესპანეთის (73-ე) და ლიტვის (75-ე) მაჩვენებელების.

მსოფლიო ბანკი - ბიზნესის კეთების სიმარტივე
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კეთების - ის კვლევა მოიცავს 10 ინდიკატორს. ინდექსი ზომავს, რამდენად უწყობს მარეგულირებელი გარემო ხელს ბიზნესის დაწყებას და ფუნქციონირებას.
2020 წელს, ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა, აღნიშნული პოზიცია, 2019 წელთან შედარებით, 1 ადგილით არის გაუარესებული.
2020 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საქართველოს ყველაზე კარგი პოზიცია ბიზნესის დაწყების ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი გადახდისუუნარობის შეფასების ინდიკატორში (64-ე ადგილი). 

2020 წელს, საქართველოს პოზიცია რეიტინგში მნიშვნელოვნად მაღალი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით და მათგან ერთადერთი ქვეყანა იყო ტოპ ათეულში.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 12 ინდიკატორისგან შედგება. ინდექსი ზომავს ქვეყნის შესაძლებლობას, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა.

2019 წელს საქართველო 74-ე ადგილზე იყო 140 ქვეყანას შორის, რაც 8 ადგილით გაუარესებაა, 2018 წელთან შედარებით.

2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ინდიკატორებს შორის, საქართველომ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა შრომის ბაზრის ინდიკატორში (37-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი - ბაზრის მოცულობის ინდიკატორში (104-ე ადგილი).

2019 წელს საქართველოს უკეთესი შედეგი ქონდა, ვიდრე უკრაინას (85-ე ადგილი) და მოლდოვას (86-ე ადგილი), მაგრამ უარესი, ვიდრე სომხეთს (69-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (58-ე ადგილი). ბელარუსის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ლეგატუმის ინსტიტუტი - კეთილდღეობის ინდექსი
ლეგატუმის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კეთილდღეობის ინდექსი შედგება 12 ინდიკატორისგან, რომლებიც მოიცავს ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის სფეროების შეფასებას.

კეთილდღეობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 2020 წელს 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე იყო.

ინდიკატორებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა ბიზნესკლიმატის ინდიკატორში (41-ე), ხოლო ყველაზე დაბალი - ბუნებრივი გარემოს ინდიკატორში (115-ე).

2020 წელს, საქართველო კეთილდღეობის ინდექსში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოწინავე პოზიციებს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის პოზიციები ინდექსში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესდა, შესაბამისად, 8 და 13 ადგილით.

ეკონომისტი - დემოკრატიის ინდექსი
ეკონომისტის დემოკრატიის ინდექსის კვლევა ეფუძნება 5 ინდიკატორს, რითაც ზომავს მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობას.

2019 წელს, საქართველომ დემოკრატიის ინდექსის რეიტინგში 167 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა, რაც 2018 წლის მაჩვენებლის იდენტურია.

ხუთ ინდიკატორს შორის, 2019 წელს, საქართველოს ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა საარჩევნო პროცესებში, ხოლო ყველაზე დაბალი - მთავრობის ფუნქციონირებაში.

2019 წელს, საქართველოს რეიტინგში უსწრებდა აზერბაიჯანს (146-ე ადგილი) და ბელარუსს (150-ე ადგილი), თუმცა ჩამორჩებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი (86-ე ადგილი), უკრაინა (78-ე ადგილი) და მოლდოვა (83-ე ადგილი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები