60 ეკონომისტის გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის III კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს. თუმცა PMCG-ის მიმოხილვის მიხედვით, მათი შეფასება გაუმჯობესდა წინა კვარტალთან შედარებით, მაგრამ 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაუარესდა.
III კვარტალში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორებად პოლიტიკური არასტაბილურობა და მუშახელის დეფიციტი დაასახელეს. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.
„გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს - პოლიტიკური არასტაბილურობა, მუშახელის დეფიციტი, უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას და დაბალ ინფლაციას“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ეკონომიკური კლიმატის შესახებ PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 6.7%-ს შეადგენს, რაც წინა კვარტალში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ამასთან, ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.
2024 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%-ია, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა კვარტალის პროგნოზთან შედარებით. „მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით. მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების ზრდა“, - ასეთია ქართველი ეკონომისტების მოლოდინები.
ცნობისთვის: „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.
იმ ეკონომისტების რაოდენობა, რომლებსაც ეგზავნებათ კვარტალური კითხვარი შეადგენს 60-ს. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტალების მიხედვით.