"ემიგრაციაში ჩვენი მოქალაქეები იმიტომ მიდიან, რომ ის ქვეყნები ეკონომიკურად გვისწრებენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანის ინტერესია წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით 3-ჯერ მეტი სხვაობაა.
“ამ წლების განმავლობაში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც გვისწრებენ ის ქვეყნები, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან. სადღაც ეკონომიკა 3-ჯერ მეტია, ჩვენი მოქალაქე შეიძლება წავიდეს იმ ქვეყანაში, მაგრამ ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ამ მოცემულობით არ გამოირიცხება, ანუ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სხვაობა კვლავაც დიდია. ბუნებრივია, ადამიანის ინტერესია, სადაც არის სამჯერ მეტი სხვაობა, იმ ქვეყანაში გადავიდეს.ფიზიკის კანონია, აქ არის ნაკლები ეკონომიკა, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან.
ისეთ ვითარებაში, სადაც ასეთი ეკონომიკური სხვაობა გვაქვს, ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას და ა.შ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ დატოვოს ჩვენი ქვეყანა“ , - განაცხადა კობახიძემ.