ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი დავით კეშელავა 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციის რეკორდულ მაჩვენებელს ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებს.
როგორც კეშელავამ BMG-სთან აღნიშნა, გასულ წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები ინკლუზიური არ იყო, ამიტომ ბევრი მოქალაქის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას და ხშირ შემთხვევაში ესეც ახალისებს ემიგრაციას.
"ბოლო პერიოდში მუდმივად იზრდებოდა ემიგრაციის მაჩვენებელი და უკვე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება მიზეზებს, ალბათ ეკონომიკური ფაქტორებიდან არის ძირითადად გამოწვეული. ერთი მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული, დავინახეთ, რომ ეს ზრდა არაა ინკლუზიური, ანუ მოსახლეობის დიდ ნაწილზე არ გადადის პირდაპირ და შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის მდგომარეობა არ უმჯობესდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რა ხდება შრომის ბაზარზე, ადამიანები ეძებენ უკეთეს ალტერნატივებს დასაქმებისთვის. ამას ისიც ემატება, რომ ემიგრაციის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, არაა მხოლოდ მიმდინარე მოხმარების დაკმაყოფილება, მათ შორის ბინის შეძენისთვის ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ემიგრაციაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მონეტარული პოლიტიკა საკმაოდ კონსერვატიულია და იპოთეკური სესხები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არაა, პრაქტიკულად სხვა გამოსავალი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ უცხოეთში, სადაც გაცილებით მაღალი ანაზღაურება ექნებათ და იქ დააგროვონ ფული საინვესტიციოდ, რომ საბოლოო ჯამში ბინის შეძენა შეძლონ. ამას ის ფაქტორებიც ემატება, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ გარკვეულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველების მიგრაცია და ამასთან, ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით, მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმი არ გვაქვს აშშ-სთან, არალეგალური გზებით საკმაოდ მასობრივად გადადიან ადამიანები. რეალურ ხელფასებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. იმ პირობებში, როდესაც ძალიან მაღალი ინფლაცია გვქონდა ბოლო პერიოდებში, ეს კიდევ დამატებით სტიმულს უჩენს ადამიანებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში წავიდნენ. კიდევ ერთი ნიუანსი ისაა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, ვინც ემიგრაციაში მიდის, არალეგალურადაა დასაქმებული, რაც განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ამ კატეგორიას.
ზოგადად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაციის ასეთი ტალღები, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულში მიდიან დასაქმების მიზნით, მხოლოდ საქართველოს მახასიათებელი არაა და სხვა ქვეყნებსაც ახასიათებთ, თუმცა ცუდი ისაა, რომ ბოლო პერიოდში ვერ ვხედავთ მაგალითად სახელმწიფოს პოლიტიკის კუთხით ან სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შედეგად რაიმე მცდელობებს, რომ სათანადო პირობები შეექმნათ ადამიანებისთვის საკუთარ ქვეყანაში დასაქმებისთვის",- განმარტავს კეშელავა.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა შედეგებს მოუტანს საქართველოს წლიდან წლამდე მზარდი ემიგრაცია, ეკონომისტი სამ პრობლემატურ საკითხს გამოყოფს: კადრების დეფიციტს, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებას და რეგიონების განვითარების შეფერხებას.
„პირველი, სწორედ კადრების დეფიციტის საკითხია. რასაც ბოლო წლებია ვაკვირდებით, ბაზარზე დაბალი უნარების მუშახელის მაღალი მოთხოვნა და ასეთი მუშახელის ნაკლებობაა, რაც რა თქმა უნდა, მასობრივი ემიგრაციის დამსახურებაა. ბიზნესს რა თქმა უნდა გაუჭირდება, რომ კონკურენცია გაუწიონ დასავლურ ქვეყნებს, რაც საბოლოოდ ბიზნესის განვითარებას აფერხებს და ეკონომიკური ზრდისთვისაც შემაფერხებელია.
მეორე ნეგატიური მხარე უკავშირდება დემოგრაფიულ მდგომარეობას. ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოქალაქეები მიდიან ქვეყნიდან. ეს იმოქმედებს ქორწინების საშუალო მაჩვენებელზე, ბავშვის ყოლის მაჩვენებლებზე, ბავშვის ყოლის ასაკზე და ა.შ. ეს ყველაფერი უფრო მაღალ ასაკში გადაიწევს, რაც დემოგრაფიული კუთხით არ არის სასიკეთო.
მესამე, როგორც ვაკვირდებით, მასობრივად მიმდინარეობს მიგრაცია რეგიონებიდან როგორც უცხოეთში, ასევე თბილისის მიმართულებით და ჩამორჩენა, რაც რეგიონებს თბილისთან შედარებით გააჩნიათ დროთა განმავლობაში არ მცირდება. დეცენტრალიზაციის და რეგიონების განვითარების თემა უფრო და უფრო პრობლემური ხდება. რეგიონების დიდი ნაწილი უკვე დაბერებულია, შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია",- ამბობს დავით კეშელავა.
მისივე შეფასებით, დიდი ალბათობით, ემიგრაციის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
„არ ჩანს, რომ მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელებულიყო ან შრომის ბაზარზე ისეთი ძვრები ყოფილიყოს, რამაც შეიძლება სტიმული მისცეს ადამიანებს, დაბრუნდნენ ან აღარ წავიდნენ უცხოეთში. ალბათ პირიქით, პოლიტიკური მდგომარეობაც კიდევ უფრო მძიმდება, საზოგადოებაც კიდევ უფრო მეტად პოლარიზებულია, ანუ ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები ერთად, ალბათ კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ემიგრაციას. თუ, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ყველა ის შესაძლებლობა ქვეყნიდან წასვლის, რაც ახლა გააჩნიათ ადამიანებს“,- განაცხადა დავით კეშელავამ მოლოდინებთან დაკავშირებით.
2023 წელს ემიგრაციაში საქართველო 163 480 მოქალაქე წავიდა, რაც საქსტატის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით 62 678-ით გაზრდილი მაჩვენებელია.