გთავაზობთ გასული კვირის (30 სექტემბერი 6 ოქტომბერი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დონორული გრანტების მოცულობა 61%-ით მცირდება
2025 წელს საქართველოს მთავრობა უცხოეთის სახელმწიფოებისგან და საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან 91.5 მილიონი ლარით ნაკლებ გრანტებს მიიღებს, - ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო წელს საერთაშორისო დონორული ორგანიზაციებიდან, უცხოეთის სახელმწიფოებისგან და უცხოეთის იურიდიული პირებისგან ბიუჯეტი გრანტების სახით 60.3 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 2024 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია.
შემცირება შეეხება როგორც მიმდინარე დანიშნულების, ასევე კაპიტალურ პროექტებს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.
2025 წელს საქართველოს მთავრობა 2 მილიარდი ლარის საგარეო ვალს აიღებს
2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას ზრდის - ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წელს 1.98 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღება არის დაგეგმილი, რაც 2024 წელთან შედარებით 147 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა მიიღებს კრედიტებს ADB-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EIB-ისგან, EBRD-ისგან, გერმანული KFW-სგან, ფრანგული AFD-სგან, AIIB-ისგან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დონორული ორგანიზაციებისგან. აღნიშნულ კრედიტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს, შესაბამისად მათი შეთანხმება და დადასტურება მოხდა იქამდე, სანამ ევროკავშირი და აშშ საქართველოსთან ურთიერთობათა გადახედვის შესახებ გააკეთებდნენ განცხადებებს.
2024 წლის რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდა
საქსტატის შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, ხოლო რვა თვის საშუალო ზრდა 10%-ია. საქსტატის მონაცემებით, 14%-ზე მეტად გაიზარდა მსხვილ კომპანიათა ბრუნვა, რამაც 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა. მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ფონზე, მთავრობამ მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზი უკვე გაზარდა 8.2%-მდე.
სექტემბერში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა
2024 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ეს 2024 წლის მარტის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ფასების წლიურმა კლებამ, რადგანაც გასულ წელთან შედარებით ფასები 0.3%-ით არის შემცირებული.
კახეთში 35-კილომეტრიანი მაგისტრალური გზა გაიხსნა
კახეთის 4 ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა და თბილისიდან საგარეჯომდე ტრანსპორტი უკვე ჩქაროსნული გზით ისარგებლებს. მაგისტრალი გვერდს უვლის ოთხ მჭიდროდ დასახლებულ სოფელსა და ქალაქს (ვაზიანს, სართიჭალას, ნინოწმინდას, საგარეჯოს), რითაც განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, გაანახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ავტოტრანსპორტის გამტარობას.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალურ გზაზე აშენდა 35 კმ-იანი ასფალტ-ბეტონისა და ცემენტბეტონის 4-ზოლიანი გზა, 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი, მოეწყო 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 148 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი. გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 533 502 661 მილიონი ლარით დაფინანსდა.
2025 წლის ბიუჯეტში ანაკლიის პორტისთვის 150 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა. პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს. 2024 წელს ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებისთვის 50 მილიონი ლარი, 2026 წელს კი 180 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.
"პროექტი - წყლის ნაგებობის („Breakwater” ე.წ. „ტალღისმჭრელი“) მშენებლობა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების („Dredging”) განხორციელება.
ქუთაისის აეროპორტის გაფართოებისთვის, 237 მლნ, ვაზიანის აეროპორტისთვის კი 340 მლნ დაიხარჯება - ბიუჯეტის პროექტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობასა და საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024-2027 წლებში 237 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს პროექტზე 47 მილიონი ლარის, დახარჯვა 2025 წელს კი 70 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე 2025 წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება - ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთავრობა "მაგთის" მფლობელთან დაკისრებული მრავალ მილიონდოლარიანი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს
იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" დამფუძნებელთან წაგებული მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავით დაკისრებული კომპენსაციის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს - ამის შესახებ მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. შესაბამისი გადაწყვეტილება არბიტრაჟმა 2024 წლის 23 აგვისტოს მიიღო და პირვანდელი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა "მაგთის" ბენეფიციარი მესაკუთრეების სასარგებლოდ 2024 წლის 15 აპრილს მიიღო. საკითხზე ივნისში იუსტიციის სამინისტრომ BMG-ის წერილობით განუმარტა, რომ დავაზე პროცესი არ იყო დასრულებული და ისინი სამართლებრივ პროცედურებს გააგრძელებდნენ.
აღნიშნული დავით "მაგთის" დამფუძნებლები სახელმწიფოსგან $154 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ, BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რა მოცულობის კომპენსაციის განაჩენი გამოიტანა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თუმცა სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.