მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" მესაკუთრეებთან $154-მილიონიანი საარბიტრაჟო დავის შესახებ განმარტებას აკეთებს

გია ჯოხთაბერიძე

იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" დამფუძნებლებთან მიმდინარე დავის შესახებ BMG-ის კითხვას პასუხობს.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა "მაგთის" ბენეფიციარი მესაკუთრეების სასარგებლოდ აპრილის ბოლოს მიიღო. თუმცა, იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ საარბიტრაჟო საქმის წარმოების პროცედურები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აღნიშნულ დავაში "მაგთის" დამფუძნებლები სახელმწიფოსგან $154 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ, BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რა მოცულობის კომპენსაციის განაჩენი გამოიტანა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თუმცა სამინისტროს პასუხის თანახმად, სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

"საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე „Telcell Wireless LLС და International Telcell Cellular LLC საქართველოს წინააღმდეგ“ საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულებულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის საჯარო. ამდენად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია,"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.

დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. დავა "მაგთის" დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის მიერ იყო ინიციირებული და ის წინა ხელისუფლების პერიოდში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა, რამაც “მაგთის” მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.

სარჩელს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID) განიხილავდა. სარჩელის არგუმენტები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მაგთის მფლობელები იურიდიულად ამერიკული კომპანიები არიან, შესაბამისად მათ აქვთ უფლება უფლებების დარღვევის შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის შეთანხმების დარღვევაზე იდავონ და აღნიშნული მოტივით საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები