იუსტიციის სამინისტრო "მაგთის" დამფუძნებელთან წაგებული მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავით დაკისრებული კომპენსაციის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს - ამის შესახებ მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. შესაბამისი გადაწყვეტილება არბიტრაჟმა 2024 წლის 23 აგვისტოს მიიღო და პირვანდელი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებულმა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრმა "მაგთის" ბენეფიციარი მესაკუთრეების სასარგებლოდ 2024 წლის 15 აპრილს მიიღო. საკითხზე ივნისში იუსტიციის სამინისტრომ BMG-ის წერილობით განუმარტა, რომ დავაზე პროცესი არ იყო დასრულებული და ისინი სამართლებრივ პროცედურებს გააგრძელებდნენ.
აღნიშნული დავით "მაგთის" დამფუძნებლები სახელმწიფოსგან $154 მილიონი დოლარის კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ, BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რა მოცულობის კომპენსაციის განაჩენი გამოიტანა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, თუმცა სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
"საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაზე „Telcell Wireless LLС და International Telcell Cellular LLC საქართველოს წინააღმდეგ“ საარბიტრაჟო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურები არ დასრულებულა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის საჯარო. ამდენად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2024 წლის ივნისში BMG-ის კითხვებზე გაცემულ პასუხში.
დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. დავა "მაგთის" დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის მიერ იყო ინიციირებული და ის წინა ხელისუფლების პერიოდში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა, რამაც “მაგთის” მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.
სარჩელს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID) განიხილავდა. სარჩელის არგუმენტები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მაგთის მფლობელები იურიდიულად ამერიკული კომპანიები არიან, შესაბამისად მათ აქვთ უფლება უფლებების დარღვევის შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის შეთანხმების დარღვევაზე იდავონ და აღნიშნული მოტივით საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ.
არსებული მდგომარეობით, მაგთის ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:
დღეს “მაგთიკომის” მფლობელი 2 კომპანიაა, რომლებიც აშშ-ში არიან რეგისტრირებული, ესენია: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანია LLC” - 49%. თავის მხრივ, "ტელსელ უაიერლეს კომპანიის" სრულად ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, თავის მხრივ ამ კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასეთია:
- გიორგი ჯოხთაბერიძე - 75 %,
- ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
- ბენჟამინ ალბერტ მანზონი 1.4%,
- იგორ ალექსეევი - 0.7%,
- ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3%,
- ნათელა სახოკია - 3%,
- ვლადისლავ ალექსეევი - 1.2%,
- ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7%
უკანასკნელი ფინანსური ანგარიშით, რომელიც 2022 წელს არსებულ მდგომარეობას ასახავდა, მაგთის შემოსავალი 630 მილიონი ლარი, მისი წმინდა მოგება კი 307.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 1 მილიარდი ლარია.
აღნიშნულ დავაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა AARPI Gaillard Banifatemi Shelbaya Siino იცავს, რომლის ჰონორარმაც 2020 წლის შემდეგ 22.6 მილიონი ლარი შეადგინა.