მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ საჯაროა მოგაწვდით" - მინისტრის პასუხი კითხვაზე, რამდენს გადაუხდიან Inter Rao-ს წაგებულ არბიტრაჟში

64186eb0b67ab
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.23 18:39
708
თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონის გადახდა დაეკისრა. თუმცა, უცნობია ამ ორი კომპენსაციიდან რომლის გადახდა მოუწევს საქართველოს ბიუჯეტს.

BMG-იმ დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა კითხვით თუ რამდენი მილიონის გადახდა მოუწევს საქართველოს კომპენსაციის სახით. ასევე რა ვადებზე მოხდება ამ კომპენსაციის გადახდის გადანაწილება. მინისტრის განცხადებით, ის ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა საჯარო ინფორმაციის განაცხადის მიღების შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას გასცემენ.

“მოგვმართეთ და გიპასუხებთ, რაც არის საჯარო, მოგაწვდით,”- აცხადებს მინისტრი.

ამასთანავე, რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც საარბიტრაჟო დავებში ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ. მისი თქმით, მათი მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ლარი დაზოგა. აღნიშნულ დავაშიც, Inter Rao 200 მილიონ დოლარზე დიდ კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა კომპანია მაქსიმუმ 112 მილიონის კომპენსაციას მიიღებს სქართველოს ბიუჯეტისგან.

ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც, Inter Rao-ს როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს, საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები