მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ რუსულ Inter Rao-სთან არბიტრაჟში წაგებული $112 მილიონი გაასაჩივრა

647963c2d8136
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.23 09:10
1408
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან - Inter Rao-სთან $76-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. დავა 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა. საქართველომ ასევე წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარე კიდევ ერთი პარალელური საინვესტიციო დავა Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას $112 მილიონის გადახდა დაეკისრა.

BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით როდის მოხდება კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა და უშუალოდ რამდენი მილიონი უნდა გადაიხადოს ამ დავის ფარგლებში ქვეყანამ. სამინისტროსგან მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ დაკისრებული კომპენსაციის მთლიანი მოცულობა 112 მილიონი დოლარია, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება კი გასაჩივრებულია, შესაბამისად, საბოლოო განაჩენამდე ქვეყანას რუსული კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს. Inter Rao დავაში საქართველოსთვის $200 მილიონი დოლარის კომპენსაციის დაკისრებას ითხოვდა.

იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი განმარტება:

“საარბიტრაჟო დავები „Gardabani Holdings B.V., Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. საქართველოს წინააღმდეგ“ განხილულია სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის (SCC) წესებითა და საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წესებით შექმნილი საარბიტრაჟო ტრიბუნალების კოორდინირებული საქმისწარმოებით.

SCC-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2022 წლის 9 სექტემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ 112 მილიონი აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ICSID-ის არბიტრაჟის ფარგლებში 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 76 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იმ დათქმით, რომ აღნიშნული თანხა შედის SCC-ს საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ ქართული მხარისათვის დაკისრებულ თანხებში და მოსარჩელეებს ეკრძალებათ ორმაგი კომპენსაციის მოთხოვნა. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და, შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე სამართლებრივი დავა არ დასრულებულა.

აარბიტრაჟო დავის ინტერესებიდან, პროცესის კონფიდენციალურობიდან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც, ამავე კოდექსის მესამე თავის მოქმედება არ ვრცელდება საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაგიზიაროთ რაიმე სხვა ინფორმაცია დავასთან დაკავშირებით,”- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროსგან მიღებულ წერილში.

რა მოხდა:

ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც, Inter Rao-ს როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს, საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები