საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავები 2022 წელს წააგო. მათ შორის სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ინვესტორის სასარგებლოდ 112 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა, ხოლო მსოფლიო ბანკთან არსებულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა $76 მილიონი დოლარი. BMG-იმ იუსტიციის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ რა ეტაპზეა ამჟამად აღნიშნული დავა. სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფომ განაჩენი გაასაჩივრა, რის შედეგადაც სპეციალურმა კომიტეტმა მისი აღსრულება შეაჩერა.
"Gardabani Holdings B.V. and Silk Road Holdings B.V. v. Georgia“-ს საქმეზე გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ანულირების პროცედურა, რომლის ფარგლებშიც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია უშუალოდ ანულირების კომიტეტის მიერ. ამდენად, მოცემულ ეტაპზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფოს მოსარჩელეებისათვის რაიმე სახის თანხა არ გადაუხდია საარბიტრაჟო პროცესების კონფიდენციალურობის რეჟიმისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, გაგიზიაროთ რაიმე სხვა სახის ინფორმაცია საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით,"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.
საარბიტრაჟო ტრიბუნალი დავას 2017 წლიდან განიხილავდა.
რა მოხდა:
ინფორმაციისთვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2".
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.
როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა. სწორედ ამ მემორანდუმის მუხლების დარღვევა დაადასტურა არბიტრაჟმა, რის საფუძველზეც, Inter Rao აცხადებს, რომ როგორც ჰოლანდიელ ინვესტორს, საქართველოსგან კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშვა.