მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ “მაგთის” მფლობელების წინაშე მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

გია ჯოხთაბერიძე

საქართველომ კომპანია “მაგთის” მფლობელი ამერიკული კომპანიების წინაშე საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში დავა წააგო. დავა 2020 წელს კომპანიებმა Telcell Wireless-მა და International Telcell Cellular-მა დაიწყეს და მის ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა $154 მილიონი იყო. ჯერჯერობით უცნობია თუ რა თანხის გადახდა დაეკისრა სახელმწიფოს ინვესტორის წინაშე, ასევე უცნობია გაასაჩივრებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას. BMG-იმ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს წერილობით მიმართა და პასუხს მკითხველს მიღებისთანავე შევთავაზებთ.

დავა "მაგთის" დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის მიერ იყო ინიციირებული და ის წინა ხელისუფლების პერიოდში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს უკავშირდებოდა, რამაც “მაგთის” მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.

სარჩელს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი (ICSID) განიხილავდა. სარჩელის არგუმენტები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მაგთის მფლობელები იურიდიულად ამერიკული კომპანიები არიან, შესაბამისად მათ აქვთ უფლება უფლებების დარღვევის შემთხვევაში ამერიკა-საქართველოს შორის გაფორმებული ინვესტორთა უფლებების ურთიერთდაცვის შეთანხმების დარღვევაზე იდავონ და აღნიშნული მოტივით საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ.

არსებული მდგომარეობით, მაგთის ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

დღეს “მაგთიკომის” მფლობელი 2 კომპანიაა: „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ LLC“ - 51%; ტელსელ უაიერლეს კომპანი LLC” - 49%. თავის მხრივ, "ტელსელ უაიერლეს კომპანის" სრულად ფლობს „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარი”, თავის მხრივ ამ კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩამონათვალი ასეთია:

  • გიორგი ჯოხთაბერიძე - 75 %,
  • ედვარდ სპენსერ ჩერჩილი - 15%,
  • ბენჟამინ ალბერტ მანზონი 1.4%,
  • იგორ ალექსეევი - 0.7%,
  • ირაკლი ოთარ რუხაძე და ნატალია რუხაძე - 3%,
  • ნათელა სახოკია - 3%,
  • ვლადისლავ ალექსეევი - 1.2%,
  • ვიქტორია ალექსეევა (კორჟილოვა) - 0.7%

უკანასკნელი ფინანსური ანგარიშით, რომელიც 2022 წელს არსებულ მდგომარეობას ასახავდა, მაგთის შემოსავალი 630 მილიონი ლარი, მისი წმინდა მოგება კი 307.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები