"გარკვეული პერიოდი ინფლაცია მიზნობრივზე დაბლა იქნება", - ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი აცხადებს. როგორც დავით კეშელავა BMG-სთან აღნიშნავს, ინფლაცია მომავალი წლიდან დაჩქარდება.
საქმე ის არის, რომ ივლისში ინფლაცია წლიურად 1.8%-ით გაიზარდა. ინფლაციაზე განსაკუთრებული გავლენა ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ გამოიწვია.
"დროთა განმავლობაში დაჩქარდება. სავარაუდოა, რომ მომავალ წელს მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს, ცოტათი გადააჭარბებს. წინა პერიოდებში მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, შემდეგ ნიშნული დაბლა წამოვიდა. შესაბამისად, ბაზის ეფექტი იქნება. მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციაზე პირდაპირ არ ისახება, აქ სხვადასხვა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ფაქტორებია გასათვალისწინებელი", - აღნიშნავს დავით კეშელავა.