მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არჩევნებამდე გაგრძელდება - ეკონომისტი

დავით კეშელავა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი იანვარ-ივნისის ეკონომიკურ ზრდას აფასებს. დავით კეშელავას განცხადებით, 6 თვეში დაფიქსირებული 9%-იანი ზრდა მაღალი მაჩვენებელია, რომელზე რამდენიმე დროებითი ფაქტორი მოქმედებს.

"თუ სხვადასხვა კომპონენტს შევხედავთ, შესაძლებელია, წარმოდგენა გვქონდეს, შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი მიზეზების შესახებ. არის კონკრეტული სექტორები, სადაც ბოლო პერიოდში მაღალი აქტივობა შეინიშნება და მათი წილი ეკონომიკაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასეთ სექტორებს მიეკუთვნება ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი და ასევე ტრანსპორტის სექტორი, რომლის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ეს უკავშირდება, მათ შორის, რუსეთის უკრაინაში ომის ფაქტორსაც. ტურიზმისა აღდგენის ტემპიც არის სახსენებელი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შემოსულ ტურისტების რაოდენობით აღდგენა არ გვაქვს, შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს. საგარეო სექტორში მნიშვნელოვანია ვაჭრობის გამოყოფა. მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო პროდუქციაში შემცირება გვაქვს, ამას მომსახურების ექსპორტის ზრდა აბალანსებს", - აცხადებს დავით კეშელავა.

როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, არსებული ფაქტორები შემდეგი რამდენიმე თვე იარსებებს, წინასაარჩევნო ხარჯების ფონზე კი მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ მოსალოდნელია.

"ფაქტორები, სავარაუდოდ, მინიმუმ არჩევნებამდე გაგრძელდება. აღსანიშნავი იქნება სახელმწიფო ხარჯების ზრდაც წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება", - აღნიშნავს ეკონომისტი.

2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები