ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას შეფასებით, კერძო სექტორში მოლოდინების გაუარესება ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელში ჯერ არ გადათარგმნილა.
ამის შესახებ ეკონომისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თებერვალში დაფიქსირებული 7.7%-იანი ზრდის ფაქტორების კომენტირებისას განაცხადა.
„ეს მონაცემები გვეუბნება, რომ ეკონომიკა ახერხებს შეინარჩუნოს ის შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რომელიც გვქონდა გასულ წელს და მოლოდინების გაუარესება, რაც ცალსახად შეინიშნება კერძო სექტორში, მოკლევადიანი ზრდის მაჩვენებელში ჯერ არაა გადათარგმნილი“, - განაცხადა გიორგი პაპავამ და იქვე დასძინა, რომ მისი ვარაუდით, შემდეგ თვეებში ეკონომიკის ზრდის ტემპი „უფრო დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდება“.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის პროგნოზით, 2025 წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რაც „ოცნების“ მთავრობის ოფიციალური პროგნოზია, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დასტაბილურდება პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.
„თუმცა, ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არაფერი მიგვანიშნებს იმისკენ, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ფიქრობს გარკვეულ დათმობებზე წასვლას და ხალხის აზრის გათვალისწინებას. ვგულისხმობ არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანების ხმას, არამედ ბიზნესის ხმას, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, შეიძლება მასშტაბურად არა, მაგრამ ბიზნესმაც დაიწყო სუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მას ნამდვილად აქვს.
„ოცნების“ ხელისუფლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ეფუძნება იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი მოკლევადიან შედეგებში არ აისახება. მათი მიამიტური დამოკიდებულება შეიძლება იყოს ის, რომ „აი, ამდენი ხანი რასაც ვაკეთებდი, იმავეს ვაკეთებ და ჯერჯერობით, მაღალი ეკონომიკური ზრდა მაქვს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
2025 წელი, შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დასრულდეს - ლევან დავითაშვილი
„წერტილთან“ ინტერვიუში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა რამდენიმე ინდიკატორი ჩამოთვალა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკაში ყველაფერი ძალიან კარგად ნამდვილად არ არის.
- ინვესტიციები ეკონომიკური სექტორების უმეტესობაში მცირდება - მოგეხსენებათ, შარშან FDI წლიურად 30%-ით შემცირდა; თებერვალში ახალი საწარმოების რეგისტრაცია შემცირდა 3.9%-ით - სულ 5 954 ახალი საწარმო დარეგისტრირდა; დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც ადრე. ადგილობრივი ექსპორტი კლებულობს; ასევე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბოლო წლების ეკონომიკურ ზრდაში დიდი ფაქტორი ითამაშა მოხმარების სექტორმა და იმპორტს თუ შევხედავთ, თებერვალში კლება დაფიქსირდა, რაც მსყიდველუნარიანობის ტემპის შენელებაზე მიუთითებს. ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და მომავალშიც ასე გაგრძელდება, ძალიან მიამიტური მგონია.
- რა ზრდის ეკონომიკას თუნდაც 7.7%-ით? ეს ინერციაა?
- ვფიქრობ, ინერციაა, რადგან ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი რაღაც ახალი წყარო ქვეყნის ეკონომიკაში არ არის...
- როგორია თქვენი პროგნოზი საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით - შესაძლებელია პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური კრიზისი საერთოდ არ მოჰყვეს, რაც ეკონომისტების თუ ანალიტიკური ორგანიზაციების პროგნოზი იყო?
- გამორიცხულია, რომ ის პოლიტიკური გარემო და მათ შორის ის სიტუაცია, რაც ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით გვაქვს, არ გადაითარგმნოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში. უბრალოდ, სხვა საკითხია ეს 3 თვეში მოხდება თუ 6 თვეში. ცუდია, რომ არ ჩანს არავითარი ნიშანი „ოცნების“ მხრიდან, რომ ცდილობს იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯების შემობრუნებას. პირიქით, ვიგებთ ახალ-ახალი გადაწყვეტილებების შესახებ, რაც დამატებითი წნეხია საქართველოს მოსახლეობაზე და ასუსტებს ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას.